ახალი ამბები

ელცინი კლინტონს საიდუმლო შეთანხმებას სთავაზობდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნატოში არ მიეღოთ

6 სექტემბერი, 2018 • 6423
ელცინი კლინტონს საიდუმლო შეთანხმებას სთავაზობდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნები ნატოში არ მიეღოთ

რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი ამერიკელ კოლეგა ბილ კლნიტონს 1990-იანი წლების მეორე ნახევარში საიდუმლო “ჯენტლმენურ შეთანხმებას” სთხოვდა, რომ ნატოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არ მიიღებდნენ.

ამის შესახებ უკვე ცნობილი იყო 90-იანი წლების ამერიკული პრესისთვის. თუმცა ახლა კლინტონის ბიბლიოთეკამ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბრების ტრანსკრიპტები გაასაჯაროა, სადაც სრული საუბარია ასახული. აღნიშნული საუბრები 1996-1999 წლებში შედგა. ეს კონკრეტული წინადადება ელცინმა კლინტონთან საუბარში 1997 წელს ჰელსინკში გაახმიანა.

ერთ-ერთი ტრანსკრიპტის მიხედვით, ელცინი კლინტონს სთავაზობს, რომ დადონ საიდუმლო გარიგება, რომელსაც რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი “ჯენტლმენურ შეთანხმებას” ეძახის, რომ ნატოში პოსტსაბჭოთა ბლოკის არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანდება. ელცინის შეთავაზების მიხედვით, ეს არ ჩაიწერება ერთობლივ ტექსტში, რომელსაც კლინტონი და ელცინი მოაწერენ ხელს, თუმცა იქნება პირობა.

ტრანსკრიპტის მიხედვით, ელცინი უკმაყოფილებას გამოთქვამს აშშ-ის აქტივობების გამო უკრაინასთან დაკავშირებით და ამბობს შემდეგს:

“ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნებს და არ გვაქვს პრეტენზია მათ ტერიტორიებზე. ჩვენ უბრალოდ გვსურს ვიქირაოთ ინფრასტრუქტურა [უკრაინაში] შავი ზღვის ფლოტისთვის.

გთავაზობთ შემდეგს, განცხადებაში ჩვენ შეგვიძლია ავსახოთ, რომ რუსეთს არ აქვს სხვა ქვეყნებზე პრეტენზია. საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან დაკავშირებით კი გვქონდეს ვერბალური, ჯენტლმენური შეთანხმება – ეს განცხადებაში არ დავწეროთ, რომ არცერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ნატოში არ შევა. ეს ჯენტლმენური შეთანხმება არ გასაჯაროვდება”, – ეუბნება კლინტონს ელცინი.

ბილ კლინტონი ელცინს ამ შეთავაზებაზე უარს ეუბნება და მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობის დამყარებას, ახალი ნატოსა და ახალი რუსეთის ჩამოყალიბების მიზანს ეწინააღმდეგება და პირიქით, მხარეებს აბრუნებს უკან, ცივი ომის პერიოდში.

“მე ვიღებ იმას, რომ არსებობს ახალი რუსეთი, რომელიც სხვა ქვეყნების დაპყრობით დაინტერესებული არ არის. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე, თუ გახსოვთ, მე გითხარით, რომ  ახალი ნატოს შექმნას ვცდილობდი, რომელიც არ იქნებოდა საფრთხე რუსეთისთვის, მაგრამ აშშ-სა და კანადას ევროპაში დარჩენის საშუალებას მისცემდა და რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან მუშაობით ერთიან თავისუფალ ევროპას შეუწყობდა ხელს, ასევე იზრუნებდა პრობლემების მოგვარებაზე.

მე თქვენს, რუსეთის მთავრობისა და რუსი ხალხის და დარწმუნებას ვცდილობდი, რომ ნატოს შეცვლა მსურს”, – ეუბნება კლინტონი ელცინს.

“თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ყოფილი საბჭოთა ბლოკის არცერთი წევრი ნატოში ვერ გაწევრიანდება, ეს იქნება ცუდი იმ მიზნისათვის, რასაც ახალი ნატოს ჩამოყალიბება ჰქვია. ეს ასევე ცუდი იქნება თქვენი მცდელობისათვის შექმნათ ახალი რუსეთი. მე არ ვარ გულუბრყვილო. მესმის, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი, ვინ შევა ნატოში და როდის. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი არის საკითხები, რომლებზეც კონსულტაცია შესაძლებელია, რამდენადაც წინ მივიწევთ. კონსულტაცია ნიშნავს ლაპარაკს, ეს ნიშნავს დარწმუნებას იმაში, რომ ჩვენ საქმის კურსში ვართ თქვენი წუხილების თაობაზე, ხოლო თქვენ იგებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, პოზიციებსა და ლოგიკას.

მაგრამ გაითვალისწინეთ, როგორი საშინელი გზავნილი იქნება, თუ იმ საიდუმლო შეთანხმებას დავდებთ, რასაც თქვენ გვთავაზობთ.

პირველი, ამ სამყაროში საიდუმლოები არ არსებობს. მეორე, მესიჯი იქნება ასეთი: “ჩვენ კვლავ რუსეთის წინააღმდეგ ვართ მიმართულები, მაგრამ არსებობს ხაზები, რომელსაც არ გადავაბიჯებთ”. სხვა სიტყვებით, იმის ნაცვლად, რომ შევქმნათ ახალი ნატო, რომელიც ინტეგრირებულ, ერთიან ევროპას დაეხმარება, ჩვენ გვექნება ნატოს მზადყოფნა რუსეთისთვის, რომ მან რაიმე ცუდი გააკეთოს. ამიტომ არის ცუდი რუსეთისთვის ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ.

რუსეთი იტყვის, ჩვენ კვლავ გვაქვს იმპერია, “უბრალოდ, ის დასავლეთს ისე ღრმად ვეღარ მისწვდება”. მეორეც, ეს გამოიწვევს შიშს ბალტიის ქვეყნებსა და სხვებს შორის, რომლებთან მოკავშირეობასაც ცდილობთ. მესამე, შეთანხმება, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, მშვიდობაზე შეთანხმებას ტოტალურად გამოუთხრის ძირს.

ეს დააშინებს იმ პატარა ქვეყნებს, რომლებიც თქვენთანაც კარგად თანამშრომლობენ და ჩვენთანაც, ბოსნიაში და სხვაგან”, – ეუბნება კლინტონი ელცინს.

ტრანსკრიპტების მიხედვით, ამის შემდეგ ელცინი კვლავ ცდილობს კლინტონისაგან ზეპირი დაპირების მიღებას იმის თაობაზე, რომ ნატოში პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არ შეუშვებენ, თუმცა, უშედეგოდ. კლინტონი ამბობს, რომ მას არ აქვს ასეთი შეთანხმების დადების უფლება, რადგან ვერავის გაწევრებას ნატოში ვეტოს ვერ დაადებს.

2000-იან წლებში ნატოში 3 პოსტსაბჭოთა ქვეყანა: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი გაწევრიანდა. საქართველოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსისაგან მიღებული აქვს დაპირება, რომ ნატოს წევრი ისიც გახდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი