ახალი ამბები

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება მცირდება

4 სექტემბერი, 2018 • 2163
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება მცირდება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევების ღირებულება მცირდება.

სამინისტროს ცნობით, გენოტიპის ანალიზის დაფინანსებას ამიერიდან სახელმწიფო უზრუნველყოფს, რაც კვლევების ჯამურ ღირებულებას 140 ლარით შეამცირებს. პაციენტის მაქსიმალური ხარჯი 160 ლარს არ აღემატება.

ამასთან, უწყების ცნობით, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ფართოვდება პროგრამის მოსარგებლეთა არეალი. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სახელმწიფოს მხრიდან 70%-ით დაფინანსდება:

“პროგრამის ფარგლებში უკვე დაწყებულია დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იქნება მინიმუმ ერთი დაწესებულება, რომელიც ბენეფიციარებს სრულ სერვისს შესთავაზებენ. პროცესში ასევე ჩაერთვება ზიანის შემცირების ცენტრები, რაც მნიშვნელოვანია პროგრამის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის- ნარკომომხმარებელთა ჩართვისთვის. დეცენტრალიზაციის პროექტი გეორგაფიულ ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის”, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სიახლეები განხორციელდა პროგრამის ადმინისტრირების მიმართულებითაც. ბენეფიციარებს პროგრამაში რეგისტრაციისთვის აღარ მოუწევთ სოციალური მომსახურების სააგენტოში მისვლა. ამიერიდან რეგისტრაცია შესაძლებელია პირდაპირ პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში:

“ასევე მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადავიდა პაციენტთა დოკუმენტაციის შემსწავლელი კომისია, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს პაციენტების მოლოდინის პერიოდს. ბენეფიციარები მკურნალობის დაწყებას დარეგისტრირებიდან 7 დღეში შეძლებენ, ნაცვლად 1 თვისა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში დარეგისტრირებულია 50 000-ზე მეტი პაციენტი, 44 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა დაასრულა მკურნალობა. განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, აღნიშნული ცვლილებები პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდას ემსახურება:

„მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს, ყველას მოვუწოდებ ჩაერთონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რადგან ვისაც ეს ინფექცია აქვს და ახლა არ აწუხებს, რამდენიმე წელიწადში დარჩებიან ამ დაავადებასთან პირისპირ “, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი