ახალი ამბები

გურამ კაშიას მხარდაჭერას თბილისის ლოკომოტივიც უცხადებს

3 სექტემბერი, 2018 • 2134
გურამ კაშიას მხარდაჭერას თბილისის ლოკომოტივიც უცხადებს

არაერთი ფეხბურთელისა და ფებურთის კლუბის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელ გურამ კაშიას სოლიდარობას თბილისის ლოკომოტივიც უცხადებს. საფეხბურთო კლუბი სრული შემადგენლობით დაესწრება ლატვია–საქართველოს მატჩს.

“ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ გურამ კაშია არის გამბედაობის, სიმტკიცისა და თანასწორობის იდეის ღირსეული მატარებელი. თბილისის ლოკომოტივი გურამს მხარს უჭერდა მისი გადაწყვეტილების პირველივე დღიდან და მხარს უჭერს ახლაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ელის ორი უმნიშვნელოვანესი ოფიციალური მატჩი. გამომდინარე იქიდან, რომ ლოკომოტივი არის თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეის მტკიცე მხარდამჭერი, კლუბმა მიიღო გადაწყვეტილება, 9 სექტემბერს, საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებას დაესწროს სრული შემადგენლობით და ტრიბუნიდან გაამხნევოს როგორც ნაკრები, ისე პერსონალურად გურამი. ლოკომოტივის ადმინისტრაცია მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან ერთად წარმატებას უსურვებს ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის უახლოეს მატჩებში”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კლუბმა ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა. 

გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ “ვიტესში” თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას, დაგმო ჰომოფობია და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ცისარტყელის ფერებში შემოსილი სამკლაური გაიკეთა, რაც ლგბტ ადამიანების მხარდაჭერას გულისხმობს.

კაშიას ამ ქმედებას საქართველოში უარყოფითად გამოეხმაურნენ ფაშისტური და ქსენოფობიური დაჯგუფებები. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, უეფამ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო 2018 წლის 30 აგვისტოს გადასცა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცევა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.

ჯილდოს გადაცემას საქართველოში ფაშისტების მხრიდან სიძულვილის მორიგი ტალღა და მუქარაც მოჰყვა, თუმცა არ დააყოვნა მხარდამჭერთა რეაქციამაც, რასაც მოჰყვა კამპანია #გურამშენთანვართ. ფეისბუქზე ათასობით ადამიანმა დაწერა, რომ ისინი მხარს უჭერენ გურამ კაშიას.

ლატვია–საქართველოს ნაკრებების თამაში 9 ივლისს თბილისში იმართება. ადამიანები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს მოუწოდებენ, ამ დღეს მივიდნენ სტადიონზე გურამ კაშიას გასამხნევებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი