ახალი ამბები

კანონპროექტის მიხედვით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება დასჯადი არ არის

18 მარტი, 2014 •
კანონპროექტის მიხედვით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება დასჯადი არ არის

კანონპროექტის თანახმად, რომლის ავტორი შს სამინისტროა, ხდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია იმგვარად, რომ ქიმიური სტრუქტურის უმნიშვნელო ცვლილებების შედეგად მიღებული ნივთიერება უკვე per se კრიმინალიზებულია.

 

კანონპრეოქტის მიხედვით, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა, ან საქართველოდან უკანონოდ გატანა. გამონაკლისს წარმოადგენს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, საექსპერტო და კრიმინალისტიკური საქმიანობისთვის ახალ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა გამოყენება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, ან საქართველოდან გატანა. ნებართვებზე ვრცელდება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნებართვებზე დადგენილი წესი.

 

ერთმანეთისგან არის გამიჯნული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, ერთი მხრივ და ფარმაცევტული პროდუქტები. ასევე, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მეორე მხრივ. ხოლო, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში მხოლოდ 11 ახალ ფსიქოაქტიურ სუბსტანციაზე არსებობს ლაბორატიული სტანდარტები და შესაბამისად, განსაზღვრულია ოდენობებიც.

 

კანონპროექტის ინიციატორი მიიჩნევს, რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ახალი სახეობების სწრაფად გავრცელების პრობლემის გათვალისწინებით, ცალკეული ნივთიერებების კრიმინალიზაცია ვერ იქნება ეფექტიანი და მოითხოვს მომავალში დამატებით კოლოსალურ ფინანსურ, თუ ადამიანურ რესურსს, შესაბამისად შს სამინსიტრო ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფის კრიმინალიზებას მოიითხოვს:

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია თანამედროვე დანადგარები, რომელთა მეშვეობით ევროპის ოთხი ქვეყანა (ავსტრია, კვიპროსი, გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია) ახდენს ქიმიური ნივთიერებების ქიმიურ ნაერთთა კლასების იდენთიფიცირებას. 

 

ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ჯგუფების კრიმინალიზებით დანახარჯების გარეშე მოხდება ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება ახალი სახეობების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ, რაც ნარკომანიასთან ბრძოლისკენ გადადგმულ დიდ პოზიტიურ ნაბიჯს წარმოადგენს,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებობს ბევრი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც ამ კანონპროექტით განსაზღვრულ ქიმიურ ნაერთთა კლასებს შეიცავს. იმისათვის, რათა არ მოხდეს იმ პირების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც უბრალოდ მედიკამენტს მოიხმარენ, ნარკოტიკული თრობის მიღების მიზნის გარეშე, კანონპრეოქტი პირდაპირ ბმაშია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვი სამინისტროს რეცეპტებთან დაკავშირებულ ინიციატივასთან.  აღნიშნული ინიციატივის თანახმად, 2014 წლის 1 სექტემბრამდე ეტაპობრივად რეცეპტით გაცემას დაექვემდებარება სამკურნალო საშუალებების ყველა ფარმაკოლოგიური ჯგუფი. 

 

თუმცა, აღსანიშნავია რომ კანონპროექტით გათვალსიწინებული 9 ფსიქოაქტიური ნივთიერების კლასის კრიმინალიზების მიუხედავად, მისი მოხმარება დასჯადი არ არის, რასაც შს მინსიტროის მოადგილე ლევან იზორია შემდეგნაირად ხსნის:

 

“მომავალში ყველა პირი, ვინც კი ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიძენს, დაამზადებს, აწარმოებს, გაასაღებს იქნება დასჯილი და კანონპროექტი 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე ასეთი ნივთიერებების ტრანზიტი ასევე დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისგებას და თავისუფლებაის აღკვეთას 5 წლის ვადით, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ამ ნივთიერების დადგენა  ორგანიზმში შეუძლებელია, მათ შორის დოზების დადგენაც შეუძლებელია, მათ მოხმარებაზე პასუხისმგებლობა არ იქნება.”

მასალების გადაბეჭდვის წესი