ახალი ამბები

“ინსტიტუციებს ისევ ოლიგარქი მართავს” – EU-სთვის მომზადებული მწვავე დასკვნა საქართველოზე

1 სექტემბერი, 2018 • 3154
“ინსტიტუციებს ისევ ოლიგარქი მართავს” – EU-სთვის მომზადებული მწვავე დასკვნა საქართველოზე

ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დადებული ასოცირების შეთანხმების შედეგები შეაჯამა. ერთ-ერთი ანგარიში ექსპერტ ნონა მიხელიძეს ეკუთვნის, რომელიც ევროპარლამენტმა დაიქირავა. კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს პრობლემებზე და მიღწევებზეა საუბარი. ანალიტიკოსი ევროკავშირს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხის გასაუმჯობესებლად რჩევებსაც აძლევს.

ანგარიშში ნათლადაა აღნიშნული, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ქვეყანაში კვლავ სუსტია და მათ “ოლიგარქი მართავს”. ავტორი არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, რაც მისი აზრით, დემოკრატიის მთავარ გამოწვევად რჩება.

“ივანიშვილის მიერ შექმნილი სახელმწიფოს მახასიათებლები არის დასუსტებული ინსტიტუციები, გავლენის ქვეშ მოქცეული სახელმწიფო და არასახელმწიფო მოთამაშეები, მარეგულირებელი ორგანოები და საზოგადოება. გავლენის ეს უნარი “ქართულ ოცნებას” შესაძლებლობას აძლევს თავი ნაკლებ საფრთხის შემცველად წარმოადგინოს სააკაშვილის პარტიაზე, რომელიც საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალადობრივ მეთოდებს იყენებდა”, – ვკითხულობთ დასკვნაში, რომლის ავტორი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის სისუსტე მმართველ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, მოსახლეობის ხმები საკუთარი თავისკენ მიმართოს”, – წერს ის.

ანგარიში კრიტიკულია საქართველოს სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემის მიმართაც. ავტორის თქმით, პროკურორის ინსტიტუტი სისტემის ყველაზე სუსტ ნაწილად რჩება, სასამართლო ინსტიტუტები კი სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფის მიერ კონტროლდება. აღნიშნულია პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდული უფლებამოსილებაც, ყოველივე ამის ფონზე კი – აღმასრულებელი ხელისუფლების სიძლიერე. ხაზია გასმული “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა უწყებიდან ყოფილი ხელისუფლების პირობებში მომუშავე ადამიანების დათხოვნაზეც.

“რიგი სამინისტროებისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომელთა დიდი ნაწილის დათხოვნის საკითხში იგრძნობა ლოგიკა – “მოგებული იპყრობს ყველაფერს”. მსხვერპლთა შორის იყვნენ ისეთები, რომელთაც გადაწყვეტილებების მიმღებთა ძალა არ გააჩნდათ. მოტივაცია იყო ახალი, “სანდო” ოფიციალური პირების დანიშვნა სახელმწიფო აპარატების ყველა დონეზე”.

დოკუმენტის ავტორი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სირთულეებსაც განიხილავს. მისი თქმით, ძალადობრივი ქმედებები უმცირესობათა წინააღმდეგ შესაბამისი უწყებების ყურადღების ცენტრში ყოველთვის არ ექცევა. ნონა მიხელიძე საგანგაშოს უწოდებს ხელისუფლების დამოკიდებულებას მასმედიის მიმართ, რომელიც წლების განმავლობაში იგრძნობოდა. ამავე კონტექსტში, მოხსენიებულია “რუსთავი2”-ის საქმეც

ადამიანის უფლებათა კუთხით დადებით მოვლენად დასკვნის ავტორი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ასახელებს. ამასთან ერთად, ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა რატიფიცირებას და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ 2015-16 წლების გეგმის შესრულებას.

ანალიტიკოსი ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული დადებითი ტენდენციებიდან საქართველოს მიერ მიგრაციის სისტემის მოწესრიგებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს აღნიშნავს. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების კონტექსტში  ნონა მიხელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის ხელისუფლების საშუალო დონის კორუფციას წარმატებულია ებრძვის,  რის გამოც საქართველო ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი ქვეყანაა.

საქართველოს ზემოაღნიშნული გამოწვევების დასაძლევად და დემოკრატიული ხარისხის გასაუმჯობესებლად, დასკვნის ავტორი ევროკავშირს რიგ რჩევებს აძლევს. ძირითად შემთხვევაში, ექსპერტი ევროგაერთიანებას მოუწოდებს, უფრო ღია და კრიტიკული რიტორიკით ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას.

ექსპერტი ნონა მიხელიძე ანგარიშის მოსამზადებლად თავად ევროკავშირმა დაიქირავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი