ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორის საბავშვო ბაღში თანამშრომლებს და ბავშვებს ქართულად საუბარი აუკრძალეს

31 აგვისტო, 2018 • 2288
ახალგორის საბავშვო ბაღში თანამშრომლებს და ბავშვებს ქართულად საუბარი აუკრძალეს

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადასული ახალგორის რაიონის მცხოვრებლები აღშფოთებული არიან საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის ახალი წესებით, რომელიც ახლად დანიშნულმა დირექტორმა დააწესა. ის დაწესებულების პერსონალს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ერთმანეთთან და აღსაზრდელებთან ქართულად საუბარს უკრძალავს. ამის შესახებ ეხო კავკაზა ადგილობრივ რესპონდენტებზე დაყრდნობით წერს.

ახალი საბავშვო ბაღი თავად ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა გახსნა და ახალი დირექტორი ალა გუსოევა დანიშნა.

ეხო კავკაზას წყაროს ინფორმაციით, ქართულად კომუნიკაციის შესახებ ოფიციალური აკრძალვა დირექტორის მხრიდან არ ყოფილა, თუმცა მან საკმაოდ მკაცრად დასვა ეს საკითხი. ისინი კი, ვინც ერთმანეთში ქართულად საუბრობდა, კომუნიკაციის შეზღუდვის მიზნით, საბავშვო ბაღის სხვადასხვა სართულზე გადაანაწილა.

საბავშვო ბაღში როგორც ეთნიკური ქართველები, ასევე ეთნიკური ოსები ირიცხებიან. თუმცა თამაშის დროს ბავშვები ქართულად საუბრობენ. ასეთი ქცევისთვის, დირექტორი შენიშვნას აძლევს ოსი აღსაზღრდელების მშობლებს.

გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ოსი აღსაზრდელის მშობელი ანონიმურად ჰყვება, რომ ბოლო დროს მისი შვილი ბაღში წასვლაზე უარს ამბობს. დედა ვარაუდობს, რომ დირექტორი ქართულად საუბარს უშუალოდ ბავშვებსაც უკრძალავს.

ახალგორის საბავშვო ბაღში მსგავსი პრაქტიკა, როგორც ჩანს, ადგილობრივი ინიციტივაა, მაგალითად, იმ სკოლებისგან განსხვავებით, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ოფიციალურად აკრძალეს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი