“14 მარტს ბატონ როლანდ ახალაიას მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად გვინდა განვმარტოთ, რომ საერთოდ, ყველა ეპარქიას უნდა ჰქონდეს საეპისკოპოსო რეზიდენცია, ანუ ეპარქიის სამმართველო ცენტრალური ადგილი. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას კი ასეთი ცენტრი არ ჰქონდა (და დღემდე არ გააჩნია). ამიტომაც 2009 წელს, ქ. ზუგდიდში კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობის დროს, დაისვა ეს საკითხი და ბატონმა როლანდმა, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გამოთქვა მზადყოფნა, ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი (როგორც დე ფაქტო სასაზღვრო ზოლში), სახლის აშენების შესახებ. თუმცა ეს ნათქვამი არ განხორციელებულა და რაიმე რეალური ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა”.– ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს პარლამენტის წევრის, როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. ახალიას ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედება. ბრალდების მიხედვით, როლანდ ახალაიამ, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ 2009 წელს უკანონოდ მოითხოვა 150 000 ლარის ჩარიცხვა მოქალაქისგან და იგივე ქმედება 2009 წელს მეორედაც განახორციელა, ამჯერად ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვ ,საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარის ანგარიშზე ჩარიცხვა.
როლანდ ახალია კი აცხადებს, რომ თანხები, რომელზეც მას პროკურატურა ედავება, საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობას უკავშირდება, ეს თანხები კი, მისი თქმით, სამეგრელოში მოღვაწე ბიზნესმენებმა ნებაყოფლობით, კანონიერად ჩარიცხეს.
“2009 წელს სამეგრელოს ეწვია საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი სამეგრელოში მობრძანებისას საზოგადოების მოთხოვნით გადაწყდა, რომ ზუგდიდში უნდა აშენებულიყო საპატრიარქოს რეზიდენცია. უწმინდესმა მთხოვა, რომ მეხელმძღვანელა საპატრიარქოს რეზიდენციის მშენებლობისთვის. პატრიარქის მითითებით საპატრიარქოს არქიტექტორის მიერ დაიწყო პროექტის მომზადება. ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმესთან ერთად ანაკლიის სანაპიროზე შეირჩა ადგილი, სადაც უნდა აშენებულიყო საპატრიარქოსთვის მეგრული ყაიდის ოდა. ამ პერიოდში ანაკლიაში მომუშავე შ.პ.ს. „სანის“ ანგარიშზე სამეგრელოში მოღვაწე ბიზნესმენებმა ნებაყოფლობით, კანონიერად ჩარიცხეს თანხები. თვით “სანის” ხელმძღვანელობაც გამოთქვამდა მზადყოფნას თავისი სახსრებით მონაწილეობა მიეღო ამ მშენებლობაში. ვინაიდან ანაკლიაში შერჩეულ ადგილზე ვერ მოხერხდა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, პროექტი შეჩერდა, ხოლო შენატანი თანხა არ გახარჯულა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მითითებული თანხა ისევ დღემდე ირიცხება შ.პ.ს. “სანის” ანგარიშზე”.ნათქვამია ახალიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც დღეს საპატრიარქო გამოეხმაურა.