ახალი ამბები

დეზინფორმაციული კამპანია “მომავლის ბანაკის” მონაწილეთა დისკრედიტაციას ემსახურება – გიგა გაბელაია

30 აგვისტო, 2018 • 2665
დეზინფორმაციული კამპანია “მომავლის ბანაკის” მონაწილეთა დისკრედიტაციას ემსახურება – გიგა გაბელაია

ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიგა გაბელაია “მომავლის ბანაკების” ორგანიზატორთა მიმართ გახმიანებულ ბრალდებებს პასუხობს. მისი თქმით, ბანაკების წინააღმდეგ დეზინფორმაციული განცხადებები კეთდება, რაც მისი ათიათასობით მონაწილის დისკრედიტაციას ემსახურება.

გაბელაიას თქმით, ბანაკებში სრულადაა დაცული როგორც ბავშვთა უფლებები, ისე მათი უსაფრთხოება.

“ეს კამპანია ემსახურება „მომავლის ბანაკის“ ათიათასობით მონაწილის დისკრიმინაციას. მსურს ბანაკის თითოეულ მონაწილეს, იმ ბავშვებს, რომლებიც მომავალში იქნებიან ბანაკების მონაწილეები, მათ მშობლებს, პედაგოგებს, საზოგადოებას მივმართო და აღვნიშნო, რომ „მომავლის ბანაკი“ არის ჯანსაღი გარემო, სადაც მთავარი მამოძრავებელი მუხტი მეგობრობაა. ბანაკის მთავარ მიზანს კი ახალგაზრდებში ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების გაღრმავება წარმოადგენს.

“მონაწილეთათვის რეკრეაციული, საგანმანათლებლო- შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოა შექმნილი, მიმდინარეობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. 24 საათის განმავლობაში დაცულია მათი უსაფრთხოება, რასაც როგორც საპატრულო პოლიცია, ასევე სამაშველო სამსახური უზრუნველყოფენ. 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე მობილიზებულია სამედიცინო პერსონალი. პროგრამული ნაწილის გათვალისწინებითა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილია კვების მენიუ, რომლის ხარისხზეც მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი.
ბანაკების განხორციელებაში ჩართულია ოთხასამდე სპეციალურად მომზადებული ლიდერი და ცენტრის ასამდე თანამშრომელი. მე მეამაყება მათთან ერთად საქმიანობა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბავშვთა უფლებები ,,მომავლის ბანაკში” იყო, არის და მუდამ იქნება დაცული.
დაბოლოს, გეტყვით, რომ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ღიაა თანამშრომლობისთვის. დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ, ბანაკების მიმდინარეობის შესახებ ნებისმიერ პირს მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია”, – აღნიშნულია განცხადებაში.


“მომავლის ბანაკების” მიმართ ბრალდებები ორგანიზაცია “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარემ, გურამ ფალავანდიშვილმა გაახმიანა. ფალავანდიშვილმა ბანაკების ორგანიზატორ “ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ეროვნულ ცენტრს” მოქალაქე ბადრი დავითურის წერილის საფუძველზე მიმართა, რომელიც გვერდ zneoba.ge-ზე გამოქვეყნდა. წერილში ეწერა, რომ ტრენინგის ფარგლებში ჩატარებული სესიები “გარყვნილებისა და მრუშობისკენ” იყო მიმართული.

ორგანიზაცია Gydea, რომელიც ცენტრთან თანამშრომლობს და ტრენინგების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, წერილის ავტორისა და გურამ ფალავანდიშვილის ბრალდებებს ცილისწამებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაციაზე შესაბამისი უწყებების რეაგირების იმედი აქვს. ორგანიზაციამ განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა.

ფალავანდიშვილის წერილის გამო ცენტრმა ბანაკებში საინფორმაციო ტრენინგების ჩატარების პროცესი 24 აგვისტოს დროებით, ვითარების შესწავლის მიზნით შეაჩერა. მოკვლევა რამდენიმე დღეში დასრულდა და ბანაკებში ტრენინგების ჩატარებაც ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.

ფალავანდიშვილის მიმართვის გამო ახალგაზრდულ ბანაკებში შეჩერებული ტრენინგები განახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი