ახალი ამბები

ფალავანდიშვილის მიმართვის გამო ახალგაზრდულ ბანაკებში შეჩერებული ტრენინგები განახლდება

27 აგვისტო, 2018 • 4915
ფალავანდიშვილის მიმართვის გამო ახალგაზრდულ ბანაკებში შეჩერებული ტრენინგები განახლდება

“ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ახალგაზრდულ ბანაკებში საინფორმაციო ტრენინგების ჩატარებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. როგორც “ნეტგაზეთს” ცენტრში განუცხადეს, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ ტრენინგები ანაკლიაში გაგრძელდება, როგორც ეს გეგმის მიხედვით იყო გაწერილი. უწყების ცნობით, გურამ ფალავანდიშვილის განცხადების შემდეგ გაეროს წარმომადგენელმა ვითარების შესწავლის პროცესი დაიწყო, რომელიც უკვე დასრულებულია.

ა.წ.  19 აგვისტოს  მანავის მომავლის ბანაკის ხელმძღვანელებს,  21 აგვისტოს კი ცენტრის მენეჯმენტს ბატონმა გურამ ფალავანდიშვილმა თანმხლებ პირებთან ერთად წარუდგინა მოქალაქე ბადრი დავითურის   განცხადება, რომელშიც განმცხადებელი ითხოვს რეაგირებას მანავის ბანაკში ჩატარებული ტრენინგის თემატიკასთან დაკავშირებით.

ა.წ. 23 აგვისტოს ცენტრში მოვიწვიეთ გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის წარმომადგენელი  ქალბატონი მარიამ ხოჭოლავა, რომელსაც რეაგირებისათვის გადავეცით ზემოთ აღნიშნული განცხადება. მას ეთხოვა, შეესწავლა  არსებული ვითარება და ცენტრში წარმოედგინა სიტუაციის ანალიზი. მასვე განემარტა, რომ სიტუაციის შესწავლისა და შეფასების მსვლელობაში დროებით  შეჩერდებოდა ტრენინგების ჩატარება.

ამ ეტაპზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საბანაკე პროგრამას”, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რატომ შეჩერდა ტრენინგების ჩატარების პროცესი გურამ ფალავანდიშვილის მიმართვის საფუძველზე. უწყებაში განმარტავენ, რომ ცენტრი კონკრეტულ პროცესს აჩერებს რაიმე პრობლემასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმართვის შემთხვევაში და ვითარებას სწავლობს.

“ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა” ბანაკებში საინფორმაციო ტრენინგების ჩატარების პროცესი დროებით, რამდენიმე დღის წინ შეაჩერა. მიზეზი ორგანიზაცია “ბავშვთა დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარის, გურამ ფალავანდიშვილის მიმართვა გახდა. ფალავანდიშვილმა ცენტრს მოქალაქე ბადრი დავითურის წერილის საფუძველზე მიმართა, რომელიც გვერდ zneoba.ge-ზე გამოქვეყნდა. წერილში ეწერა, რომ ტრენინგის ფარგლებში ჩატარებული სესიები “გარყვნილებისა და მრუშობისკენ” იყო მიმართული.

დავითური, ფალავანდიშვილი და “ზნეობა” ახალგაზრდული ბანაკების წინააღმდეგ

მოქალაქე ბადრი დავითური, რომელიც თავს ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის მამად წარმოადგენდა, zneoba.ge-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ორგანიზატორები ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს გარკვეულ დებულებებზე თანხმობას აიძულებდნენ.

“კერძოდ: 1) ასწავლიდნენ, რომ კაცი უნდა იპარსავდეს ფეხებს, 2) უნდა ეკეთოს საყურე. 3) მამაკაცს უნდა ჰქონდეს კიკინები და ა.შ.

როდესაც ერთ-ერთი წამოდგა და თქვა: “ეს დაუშვებელიაო”, ლექციის ავტორებმა, ორმა ქალბატონმა მკაცრი ტონით მიმართა, რომ არასწორად ფიქრობდა და უნდა დამჯდარიყო, ხოლო ჯგუფის ლიდერმა უთხრა: არ შეწინააღმდეგებოდა მათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაატოვებინებდნენ ბანაკს”, – წერს დავითური.

მისივე თქმით, ბანაკის მონაწილეებს უსვამდნენ კითხვებს, რომლებზეც უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაფასთან გაჰყავდათ და სკოჩს აკრავდნენ, რომელსაც არ ხსნიდნენ მანამ, სანამ ახალგაზრდები დებულებებს არ დაეთანხმებოდნენ. აღნიშნულის საილუსტრაციოდ წერილს დართული აქვს ფოტო, რომელზეც ორ მოზარდს ქაღალდის სკოჩის ფრაგმენტები აქვს დაკრული.

დავითური ასევე აღნიშნავს, რომ ტრენინგის ორგანიზატორებმა დაფაზე კითხვებიც ჩამოწერეს. იგი წერილში რამდენიმე მათგანს წარმოადგენს, რომლებიც, მისი თქმით, “ბავშვმა გაიხსენა”.

“ასევე დაფაზე ჩამოწერეს 15 კითხვა. აქედან იმ კითხვებს წარმოგიდგენთ, რაც ბავშვმა გაიხსენა:

ვისთან ერთად იმგზავრებდით?

1) გერმანელ რეპერთან; 2) ათეისტთან, რომელიც თავის იდეებს ავრცელებს; 3) ფემინისტთან; 4) რუს მეძავ ქალთან ერთად

რომელიმე კითხვის არჩევის შემთხვევაში უსვამდნენ უამრავ კითხვას, რას გააკეთებდი? რატომ გინდა მასთან ერთად მგზავრობა? და ა.შ.”, – წერს ის.

“ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია” – ტრენინგის ორგანიზატორთა პასუხი

ორგანიზაცია Gydea, რომელიც ცენტრთან თანამშრომლობს და ტრენინგების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი, წერილის ავტორისა და გურამ ფალავანდიშვილის ბრალდებებს ცილისწამებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ცრუ ინფორმაციაზე შესაბამისი უწყებების რეაგირების იმედი აქვს. ორგანიზაციამ განცხადება ფეისბუქზე გაავრცელა.

“…მოვითხოვთ შეწყდეს ცრუ და ცილისმწამებლური, გადაუმოწმებელი, საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების “ინტერესებს” მორგებული ინფორმაციის გავრცელება. ვაპირებთ კანონის ფარგლებში მივმართოთ შესაბამის ზომებს, რათა არ მოხდეს საზოგადობის შეცდომაში შეყვანა და უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე ორგანიზაციის საქმიანობისთვის ხელშეშლა”, – აცხადებს ორგანიზაცია.

Gydea წერილის ავტორ ბადრი დავითურის მიერ წარმოდგენილ კონკრეტულ ბრალდებებსაც პასუხობს. ორგანიზაციის განცხადებით, სიცრუეა, რომ ტრენინგის ორგანიზატორები მოზარდებს მათ მიერ წარმოდგენილ დებულებებზე დათანხმებას აიძულებდნენ; ქაღალდის სკოჩი კი მხოლოდ ნებაყობლობითი ექსპერიმენტის ნაწილი იყო, რომელიც გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ იყო მიმართული. ორგანიზაცია ექსპერიმენტის შინაარსს დეტალურად აღწერს.

“ტრენერი ორ სვეტად ყოფს დაფას და ერთ სვეტში წერს მამაკაცის შემზღუდველ სტერეოტიპებს, ხოლო მეორეში – ქალის შემზღუდველს. ამის შემდეგ ტრენერი ჯგუფიდან არჩევს ორ მოხალისეს და დაფაზე ჩამოწერილი თითოეული სტერეოტიპის შესაბამისად „ზღუდავს“ მათ ქაღალდის სკოჩით. ამის შემდეგ ტრენერი ეუბნება მონაწილეებს, რომ ეს სავარჯიშო ვიზუალურად გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ზღუდავდეს გენდერული სტერეოტიპები ქალსაც და მამაკაცსაც. თუმცა სტერეოტიპების რღვევა შესაძლებელია. ხშირად საკმარისია ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს საზოგადოებაში, რომელიც სხვანაირად ფიქრობს და ეს საკმარისი აღმოჩნდეს პროცესის დასაწყებად.

ტრენერი თავიდან კითხულობს ჩამოწერილ სტერეოტიპებს და თითოეული მათგანის წაკითხვის შემდეგ ეუბნება მონაწილეებს: „თუ ერთი ადამიანი მაინც არის ჯგუფში, რომელიც ფიქრობს, რომ ქალს (მამაკაცს) შეუძლია გააკეთოს … , მოვიდეს და მოხსნას მას ქაღალდის სკოჩი სხეულის შესაბამისი ნაწილიდან“, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები ნელ-ნელა ათავისუფლებენ მოხალისეებს ქაღალდის სკოჩისგან, რაც სტერეოტიპებისა და შემზღუდველი ნორმებისგან გათავისუფლების სიმბოლოს წარმოადგენს”.

რაც შეეხება წერილის ავტორის მრტკიცებას, თითქოს ტრენერები ახალგაზრდებს ეკითხებოდნენ, იმგზავრებდნენ თუ არა კონკრეტულ პირთან ერთად, Gydea-ს განცხადებით, მსგავსი ექსპერიმენტი ტრენინგის ფარგლებში არ ჩატარებულა.

“GYDEA კვლავაც გააგრძელების ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას იმ საკითხებში, რაც აუცილებელია ჯანსაღი, თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული და დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმისგან თავისუფალი საზოგადოებისათვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი