ახალი ამბები

ჰომოფობია მტკივნეული თემაა, რადგან ჩვენს მოქალაქეებს შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება – ბოკერია

29 აგვისტო, 2018 • 1990
ჰომოფობია მტკივნეული თემაა, რადგან ჩვენს მოქალაქეებს შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება – ბოკერია

“გურამ კაშია არის მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე. მისი სიმტკიცე მისაბაძია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებას იცავს”, – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ფეხბურთელ გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც გიგა ბოკერია განმარტავს, საზოგადოების ვალდებულებაა სიტყვის თავისუფლებისა დაცვა, ხოლო ძალადობისკენ მოწოდება – მიუღებელი.

“არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად საკითხის არსიც – ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მტკივნეული თემაა, რადგან ჩვენს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ ამ ძალადობას და დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

გურამ კაშიას დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების საკითხია. ამას გარდა, ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პროპუტინისტურია და რუსეთის ინტერესებს ემსახურება საქართველოში”, – ამბობს გიგა ბოკერია.

მისივე განმარტებით, პროპუტინისტური ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა  სწორედ”ქართულ ოცნებაზეა”.

“საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა, დროულად შეზღუდოს ეს ძალები და დაიცვას გურამ კაშიას უსაფრთხოება”, – აცხადებს გიგა ბოკერია.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი