ახალი ამბები

საია პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულების დროულ გამოძიებას ითხოვს

29 აგვისტო, 2018 • 1534
საია პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულების დროულ გამოძიებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების დროულ გამოძიებას ითხოვს. ორგანიზაცია სამ საქმეს ასახელებს, რომლებიც საიას აჭარის ფილიალის წარმოებაშია და რომელთა შემთხვევაშიც გამოძიების პროცესი ჭიანურდება.

ორგანიზაცია 2016 წლის 26 ივლისს ბათუმში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს, როცა პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირს სცემეს. ამავე წლის 6 სექტემბერს ის დაზარალებულად ცნეს, თუმცა სავარაუდო დამნაშავეები პასუხისგებაში დღემდე არ მიუციათ. საიას ინფორმაციით, დაზარალებულმა გამოკითხვის ოქმში კონკრეტული პირები მიუთითა და თქვა, რომ მათი ამოცნობა შეუძლია, თუმცა ამოცნობის პროცედურა ამ დრომდე არ ჩატარებულა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, გამოძიება ასევე ჭიანურდება 2017 წლის აგვისტოში ბათუმში მომხდარი კიდევ ერთი ინციდენტის შემთხვევაში, როცა “თანასწორობის მოძრაობის” წარმომადგენლებს, თორნიკე კუსიანს და ლევან ბერიანიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებულთა თქმით, თავდაპირველად რამდენიმე მოქალაქემ აგრესია მათი ტრანსგენდერი მეგობრების მიმართ გამოხატა, მეგობრების დაცვის მცდელობის შემდეგ კი მათზეც იძალადეს. კუსიანი და ბერიანიძე ყვებოდნენ, რომ იქვე მყოფმა პოლიციელებმა ვითარების განსამუხტად არაფერი გააკეთეს, შემდეგ კი ორივე მათგანი დააკავეს და ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკური და სიტყვიერი შეუარცხყოფა მიაყენეს.

“მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, თ.კ-ს და ლ.ბ-ს[თორნიკე კუსიანისა და ლევან ბერიანიძის] დაზარალებულად ცნობა დღემდე არ მომხდარა და არ მისცემიათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საქმის მასალებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ 333-მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით), რაც არ მოიცავს ყველა იმ გარემოების ადეკვატურ და სრულყოფილ შეფასებას, რაც შესაძლოა მომხდარ შემთხვევას უკავშირდებოდეს”, – წერს საია.

ლევან ბერიანიძე და თემურ კუსიანი ამ შემთხვევის შემდეგ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლომ 300-300 ლარით დააჯარიმა.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გამოძიება არასათანადოდ მიმდინარეობს 2017 წლის 12 ოქტომბერს ქობულეთში მომხდარი ინციდენტის შემთხვევაშიც, როცა პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკურად და სიტყვიერად შეუარაცხყვეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 4 პირი. პროკურატურამ აღნიშნულზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დაზარალებულად არცერთი მათგანი უცნიათ. მათ არც საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა მისცემიათ.

“საია მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული საქმეების სრულყოფილი და დროული გამოძიება. ამასთან, პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაავრცელოს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა ზემოაღნიშნული საქმეების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესი და რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა საქმეების ირგვლივ ამ დრომდე”, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი