ახალი ამბები

ვეცდებით, რომ გადაწყვეტილება 10 დღეზე ნაკლებ დროში ჩაბარდეს IBSU-ს – აფრასიძე

29 აგვისტო, 2018 • 2525
ვეცდებით, რომ გადაწყვეტილება 10 დღეზე ნაკლებ დროში ჩაბარდეს IBSU-ს – აფრასიძე

დავით აფრასიძის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭო მუშაობს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვადაზე ადრე ჩაბარდეს.

“ამ ეტაპზე საბჭოში გადაწყვეტილების ტექსტზე მუშაობა მიმდინარეობს. ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაწყვეტილება 10 დღეზე ნაკლებ დროში ჩაბარდეს უნვერსიტეტს,” – აცხადებს ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე დავით აფრასიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებია, შესაბამისად, ისინი სააპელაციო საბჭოს ვერ მიმართავენ. კანონით, გადაწყვეტილების ჩაბარებისთვის საბჭოს აქვს 10-დღიანი (სამუშაო დღე) ვადა. დღეს ზემოხსენებული გადაწყვეტილებიდან მე-7 დღე იწურება.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებული სააპელაციო საბჭო 11 წევრისგან შედგება. საბჭოს შეუძლია გაიზიაროს ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება,  ან ავტორიზაციის  საბჭოს ხელახლა დაუბრუნოს საკითხი განსახილველად.

კანონის თანახმად, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრება ამ გადაწყვეტილების შეჩერებას არ იწვევს.

დავით აფრასიძე ნეტგაზეთთან საუბრისას განმარტავს, რომ IBSU – ს დავალიანება და უნივერისტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა არ იყო ასახული რისკების შეფასებასა და აუდიტის დასკვნაში. დავით აფრასიძის თქმით, ავტორიზაციის მიღების პროცესში უნივერისტეტები ვალდებულნი არიან აუდიტორული შემოწმება გაიარონ.

” საბჭოს სხდომაზე ვკითხეთ, რატომ არ გადაიხადეს სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება. ჩვენ ასევე დავინტერესდით, რატომ არ ასახეს ეს საკითხი შეფასებებში, როგორც რისკი, და რატომ არ მიაწოდეს ეს ინფორმაცია გარე აუდიტორს. აუდიტორულ კომპანიას აუდიტი ჩაატარებინეს, დასკვნაში კი ეს საკითხი საერთოდ არ ასახეს. მე პირადად ვკითხე, რატომ არ მიაწოდეს ეს ინფორმაცია აუდიტორს, მათ მიპასუხეს, რომ საჭიროდ არ ჩათვალეს. ადმინისტრაციას გააზრებული არ აქვს, რას ნიშნავს მატერიალური რესურსების უწყვეტობა. სტანდარტი ამბობს, რომ ფინანსები სისტემურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს,” – აცხადებს დავით აფრასიძე.

თუ სააპელაციო საბჭო უნივერისტეტის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს,  ექვს თვეში უნივერსიტეტს უფლება აქვს საბჭოს წარუდგინოს ექსპერტთა ახალი დასკვნა და საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში. პროცედურის მიხედვით, ავტორიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვის შემდეგ, საბჭო სტუდენტების მიღების შეზღუდვას აუქმებს.

26 აგვისტოს IBSU – მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა. მანამდე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი გაასაჯაროა, სადაც დეპოზიტზე დავალიანების დასაფარი თანხა იყო. IBSU – ში აცხადებდნენ, რომ საბანკო ამონაწერი ავტორიზაციის საბჭოსაც წარუდგინეს. დავით აფრასიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტმა საბანკო ამონაწერი სხდომაზე მართლაც წარმოადგინა, თუმცა ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ბუნდოვანია ყადაღის პირობებში, როგორ ახერხებს უნივერსიტეტი თავისუფალ ანგარიშზე თანხა ჰქონდეს.

თანხის გადახდის მიუხედავად, უნივერსტიეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ ამბობს, რომ უნივერსიტეტიარ აღიარებს  ჯარიმის სამართლიანობას და დავას სასამართლოში აგრძელებს.

ავტორიზაციის საბჭომ 20 აგვისტოს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს 1 წლით შეუზღუდა ახალი სტუდენტების მიღება, რის მიზეზადაც  სახელმწიფოს მიმართ უნივერსიტეტის დავალიანება დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი