სოფელ ღურტაში მცხოვრები ოთარ იაკობიძე ამბობს, რომ პოლიციამ ადგილობრივი მოსახლეობა დაარბია.
როგორც „ბათუმელებს“ აცნობეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ქალებსაც. ღურტელები ამბობენ, რომ გადაღებული აქვთ ფოტო და ვიდეო მასალა, თუ როგორ სცემს პოლიცია მოსახლეობას.
„მთელი სოფლის გაყოლებაზე არის პიკაპები. 500-მდე პოლიციელია. ხალხს გზა ჰქონდა გადაკეტილი. პოლიციამ ხალხი სასტიკად სცემა. ნაცემი არიან ქალებიც. 6 კაცი დააკავეს კიდეც, მაგრამ მერე გამოუშვეს. ხუთას კაცამდე ვართ ჩვენც, ორი სოფელი – დიდაჭარა და ღურტა. ბავშვებით და ქალებით ვართ გამოსული, არ მივცემთ მუშაობის უფლებას“.
სოფლელები ამბობენ, რომ მიუხედავად პოლიციის მხრიდან ხალხის ცემისა, სოფლიდან მაინც გამოაძევეს ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორი, რომელიც მუშაობის დაწყებას ცდილობდა.
ღურტელები ამბობენ, რომ ეს წუთია სოფელში მივიდა აჭარის ტელევიზია, ამიტომ იმედი აქვთ, რომ პოლიცია მათ ხელაღებით ვეღარ სცემს.
დიოკნისი თემის რწმუნებული მერაბ ღორჯომელაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლიციამ ხალხი სცემა. მისი თქმით, პოლიციამ მხოლოდ იმ ადგილთან მისასვლელი გზა გახსნა, სადაც კაშხლები უნდა აშენდეს და სადაც დილიდან მთავრობის წარმომადგენლები ცდილობდნენ შესვლას.
სოფელი ღურტა ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ამ სოფელთან ახლოს ჰესისთვის საჭირო გვირაბის მშენებლობა იგეგმება.