ახალი ამბები

8 მარტი – ქალთა უფლებებსა და პრობლემებზე საუბრის დღე [ფოტო/ვიდეო]

8 მარტი, 2014 • • 2116
8 მარტი – ქალთა უფლებებსა და პრობლემებზე საუბრის დღე [ფოტო/ვიდეო]

 

დღევანდელი აქცია-მსვლელობის ორგანიზატორი ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი იყო. 2014 წლის 8 მარტი  ქალთა შრომითი უფლებების დაცვას მიეძღვნა, სწორედ ამ მიზეზით ფილარმონიასთან შეკრებილებს თავზე ფერადი ჩაფხუტები ეხურათ. 8 მარტის დაარსებაც, პირველ რიგში, ქალთა შრომითი უფლებების დაცვას უკავშირდება. 1857 წლის 8 მარტს ნიუ-იორკში მუშა ქალები გაიფიცნენ აუტანელი სამუშაო პირობებისა და ძალზე მწირი ხელფასის გამო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები კი პოლიციამ დაარბია. 

 

“შრომით ურთიერთობებში პრობლემები საერთოდ ყველას აქვს, მაგრამ ქალების შრომითი პრობლემები კიდევ უფრო განსხვავებულია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქალები  ნაკლებად ანაზღაურდებიან შესრულებული შრომისთვის, ვიდრე კაცები. კარიერულ ზრდაში ქალებს ყოველთვის ბარიერი ექმნებათ და კაცს ენიჭება უპირატესობა, ამიტომ გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე ქალები მხოლოდ 12 %-ით არიან წარმოდგენილნი, როგორც საჯარო სექტორში და პოლიტიკაში, ასევე, კერძო სექტორში. ფეხმძიმესთვის წარმოუდგენელია სამსახურის პოვნა, იგი არავის აჰყავს სამსახურში, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. როგორ უნდა გამოსწორდეს დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ ფეხმძიმე ქალებს სამსახურიდან ათავისუფლებენ და დამსაქმებელი არასახარბიელოდ მიიჩნევს მას?!”. – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბაია პატარაია. 

 

მისივე თქით, ასევე მნშვნელოვანი პრობლემაა სახლში შრომის განაწილება, როცა სახლის დალაგებას, საჭმლის მომზადებას, ბავშვის და მოხუცების მოვლას ქალს ავალებენ:

 

“მამები და ქმრები მათ არ ეხმარებიან, იშვიათად არიან პროცესში ჩართული. შესაბამისად, ქალს არ რჩება დრო დაისვენოს, ან საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს და ძალიან ბევრი პრობლემა სწორედ იმასთანაა დაკავშირeბული, რომ სახლში შრომა არანაირად არ ნაწილდება ოჯახის წევრებს შორის”. 

 

ქალთა უფლებების დამცველი ამბობს, რომ პრობლემის მიზეზები პატრიარქალურ საზოგადოებაში და საკანონმდებლო ხარვეზებში მდგომარეობს:

 

“პატრიარქალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, რომ ქალი ნაკლებ ფასეულობას წარმოადგენს და მისი შესაძლებლობების ნაკლებად სჯერათ, მაგრამ პრობლემები არის საკანონმდებლო დონეზეც. კარგ კანონს ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლია. მით უმეტეს, როცა დისკრიმინაციაზეა საუბარი. ოქტომბრის ბოლოს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა პროექტი, რომელსაც შრომის კოდექსში შესატანი ცვლილების მეორე ტალღა ეწოდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქტომბრის შემდეგ ამ პროცესის შესახებ სამოქალაქო საზოგადოებამ არაფერი არ იცის. რატომ შეჩერდა ან როდის გაგრძელდება ეს პროცეს და შევა თუ არა ძალაში ის მინიმალური პაკეტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა”. – ამბობს ბაია პატარაია. 

 

აქციი მონაწილეების განცხადებით, ყოველი 8 მარტი ქალთა უფლებებსა და პრობლემებზე საუბრის დღე უნდა იყოს. დღევანდელ მსვლელობაზე, რომელიც ფილარმონიიდან პარლამენტის ყოფილი შენობის მიმართულებით მოეწყო, ნახავდით ტრანსპარანტებს სხვადასხვა სლოგანებით: “დავიცვათ ქალთა შრომითი უფლებები”, “საჭემ სქესი არ იცის”, “განისაზღვროს მარტოხელა დედის სტატუსი”, “უხილავი უმრავლესობა- მიგრანტი ქალები” და სხვა. აქცია “ფეისბუქით” დაიგეგმა და ორგანიზატორებმა თხოვნით მიმართეს მონაწილეებს მსვლელობას ფერადი ტანსაცმლით და წითელი პომადით შეერთებოდნენ, რადგან წითელი პომადა თავისუფლების და გამბედაობის სიმბოლოა. ორგანიზატორების თხოვნა მონაწილეთა უმრავლესობამ შეასრულა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი