ახალი ამბები

თამაზ ახობაძე პრევენციის ცენტრთან შეხვედრას ითხოვს, ადმინისტრაცია ჯერჯერობით დუმს

24 აგვისტო, 2018 • 2607
თამაზ ახობაძე პრევენციის ცენტრთან შეხვედრას ითხოვს, ადმინისტრაცია ჯერჯერობით დუმს

დღეს, 24 აგვისტოს, თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრთან მივიდა. მას თან ის დოკუმენტები ჰქონდა, რომელთა მიხედვითაც, უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ ახობაძე ცენტრში თანამდებობაზე უნდა აღდგეს და განაცდური  აუნაზღაურდეს. მას ამ დრომდე პასუხი არ მიუღია ადმინსიტრაციისგან.

“თუ არავინ მიპასუხებს, სამუშაო დღის ბოლომდე გარეთ დავრჩები და დაველოდები… ვინმე ხომ გამოვა? თუ არა, სექტემბრიდან ჩემს ამ ქმედებას, უკვე აქციის სახეს მივცემ”, – უთხრა ახობაძემ ნეტგაზეთს.

ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან ანა სუბელიანთან ერთად 2014 წელს დაითხოვეს.

ნეტგაზეთმა სცადა დანაშაულის პრევენციის ცენტრთან დაკავშირება, თუმცა, როგორც ცხელ ხაზზე განგვიმარტეს, პრესასთან მხოლოდ პრესსამსახური ურთიერთობს, რომელიც ახლა შვებულებაშია, შესაბამისად, მათი ოფიციალური პოზიცია თამაზ ახობაძესთან დაკავშირებით ჟურნალისტებისთვის ხელმიუწვდომელია.

თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრთან დღეს, 24 აგვისტოს, დილის 10 საათზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დღეს “სამსახურში თავისი ინიციატივით” გამოცხადდა, თუმცა მალევე აღმოჩნდა, რომ ცენტრის უსაფრთხოების სამსახური მას ზღურბლს მიღმა არ უშვებს.

როგორც დაცვის წარმომადგენლები განმარტავენ, ახობაძეს საშვი არ აქვს, შესაბამისად, ის ცენტრის ტერიტორიაზე ვერ შევა. მათივე თქმით, დაუკავშირდნენ ადმინისტრაციის წევრებს და შეატყობინეს ახობაძის მოსვლის შესახებ, თუმცა არ დააკონკრეტეს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს “უფროსობა” და შეხვდება თუ არა ახობაძეს ვინმე.

როგორც ახობაძე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, თან აქვს აღსრულების ბიუროდან შესაბამისი დოკუმენტები, თუმცა დანაშაულის პრევენციის ცენტრი აღსრულების მიერ გაგზავნილ განცხადებებს აღარ პასუხობს. ამის მიუხედავად, ახობაძის თქმით, თუ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება, მისი სამსახურეობრივი აღდგენა მოკლე ვადებშია შესაძლებელი.

ახობაძისა და სუბელიანის საქმე მოკლედ

ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან 2014 წელს დაითხოვეს. მათ სასამართლოში დავა დაიწყეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მომჩივანთა მიმართ დანაშაულის პრევენციის ცენტრს მხოლოდ 4-თვიანი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. 2017 წლის 9 მარტს სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დანაშაულის პრევენციის ცენტრს მათი სამსახურში აღდგენა და განაცდურის სრულად ანაზღაურება დააკისრა (დაახლოებით, 46 თვე).

იუსტიციის სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რაც ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს.

როგორც მოსარჩლე მხარე განმარტავს,  დანაშაულის პრევენციის ცენტრი არ ასრულებდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც თამაზ ახობაძისა და ანა სუბელიანის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მათივე განცხადებით, ცენტრი ერთ შემთხვევაში იმ დასაბუთებით ამბობდა უარს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომ 2017 წელს სხვა პირი დაასაქმა შესაბამის პოზიციაზე, რომლის გათავისუფლებაც არ ხდებოდა, ხოლო მეორე შემთხვევაში მიუთითებდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად აღარ არსებობდა აღსადგენი პოზიცია. თუმცა, საიას განცხადებით, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ცენტრს არ წარუდგენია სასამართლოში საქმის განხილვისას.

“საია მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ამ დრომდე აღუსრულებლობა არის სრულიად დაუსაბუთებელი და უკანანო, როგორც იძულებითი განაცდურის ანაზღაურების (მათ შორის თანხის განწილვადების ნაწილში), ასევე – შესაბამის პოზიციაზე/ტოლფას პოზიციაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში. აღნიშნული ქმედებით იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ სასამართლოსადმი მიმართვა არაეფექტური გზაა დარღვეული უფლებების აღსადგენად. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლებულ პირებს იძულებითი განაცდური უნდა აუნაზღაურდეს ცენტრის მიერ მათ აღდგენამდე პერიოდისთვის,”- განაცხადა ბრიფინგზე საიამ.

4 აპრილს, თამაზ ახობაძის თქმით, სააპელაციო სასამართლომ მათი  თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის მიღების გადაწყვეტილება ბათილად ცნო. თამაზ ახობაძის თქმით, სასამართლომ დააკმაყოფილა მორის ბარამიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ ბარამია სასამართლო პროცესში უნდა იყოს ჩართული. მორის ბარამია სწორედ ის ადამიანია, რომელმაც  დანაშაულის პრევენციის ცენტრში თამახ ახობაძის გათავისუფლების შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

სარჩელის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება ახობაძემ უზენაესში გაასაჩივრა. როგორც ახობაძემ ნეტგაზეთს უთხრა, 23 ივლისის გადაყწვეტილებით, სასამართლომ თქვა, რომ მესამე მხარის ჩართულობა “არაფერ შუაშია და არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს,”.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევდა, რომ ახობაძე–სუბელიანის გათავისუფლება იყო კანონიერი და ისინი მომჩვნებს პოლიტიკურად ანგაჟირებულობაში ადანაშაულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი