ახალი ამბები

მაჟორიტარის ინფორმაციით, ჭიათურაში 7 მაღარო და 5 ქარხანა გაფიცულია

6 მარტი, 2014 • • 1282
მაჟორიტარის ინფორმაციით, ჭიათურაში 7 მაღარო და 5 ქარხანა გაფიცულია

 

მალხაზ წერეთელი აცხადებს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდგომარეობა კრიტიკულია:

 

“გაფიცულია შვიდივე მაღარო და ხუთივე ქარხანა, ანუ “ჯორჯიან მანგანეზის” ყველა მუშა-მოსამსახურე გაფიცულია. მათ შეუერთდება ჭიათურის რაიონის მოსახლეობაც, რამეთუ “ჯორჯიან მანგანეზის”  მუშა-მოსამსახურეები თუ მუშაობენ, მაშინ მუშაობს ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალაქი განწირულია დასაღუპავად.”

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ მუშებს განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვთ, უბრალოდ, ისინი ელემენტალურ სოციალურ უზრუნველყოფას და  გარანტიებს  მოითხოვენ:

 

“მუშები მოითხოვენ იანვარ-თებერვალში ხელფასზე დაკლებული თანხის ანაზღაურებას, ხელფასების მომატებას, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, კოლექტიური ხელშეკრულებებით მუშაობას. ადგილობრივი ხელისუფლების, იმერეთის გუბერნატორის აქტიური ჩარევის მიუხედავად, ამ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდა. უკვე მეთერთმეტე დღეა ეს გაფიცვა მიმდინარეობს. დღეს 1500-მდე ადამიანია შეკრებილი, მათ უერთდება მოსახლეობა და დიდი მიტინგია დაგეგმილი. როგორც გადმომცეს, აშშ-დან 3 საათზე ჩამოდის “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორი და ადგილბორივ ხელისუფლებასთან, იმერეთის გუბერნატორთან და მუშა-მოსამსახურეების საგაფიცვო კომიტეტთან ერთად გაიმართება მოლაპარაკება. იმედი მაქვს, ეს მოლაპარაკება შედეგიანი იქნება და მუშა-მოსამსახურეები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს. “

 

წერეთლის თქმით, ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების მასშტაბები გაიზარდა:

 

 

„ამან კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო ისედაც ცუდ მდგომარეობაში მყოფი მუნიციპალიტეტი. 12 სოფელი პრაქტიკულად არსებობას ამთავრებს, არ მიმდინარეობს რეკულტივაციის პროცესი, ანუ ნიადაგის აღდგენა,  ეს ფუჭი ქანებია, როცა კომპანია მიატოვებს შემდეგ ამას და მიმდინარეობს მიწების გაუდაბნოების პროცესი. ინფრასტრუქტურა ამ სოფლებში პრაქტიკულად აღარ არსებობს და არ მოიკლო მანგანუმის დატაცების ფაქტებმა, რაც ყველაზე  ძალიან მაწუხებს, რადგან ეს ყველაფერი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის გვერდის ავლით მიედინება, ამ ქონებას ვკარგავთ და სამწუხარო ფაქტია, რომ ეს კანონით არ კონტროლდება.“

 

წერეთელი მცირე კომპანიების კანონის ფარგლებში მოქცევას მოითხოვს:

 

„მათ გაჩერებას არ მოვითხოვ, არამედ კანონის ფარგლებში უნდა მოვაქციოთ, ისევე, როგორც ეს 2006 წლამდე იყო. ისინი ასაქმებდნენ ადამიანებს, ნახევარ მილიონ ლარამდე შემოჰქონდათ ადგილობრივ ბიუჯეტში. ამას ვთხოვ მე საქართველოს პრეზიდენტს, რომ საგანგებო ეკოლოგიურ ზონად გამოცხადდეს ჭიათურა, შესწავლილი იქნას მდგომაროება და გამოცხადდეს, ასევე  ვთხოვ საქართველოს მთავრობას, რომ სამმხრივი კომისიის ფარგლებში – დამსაქმებელი, დასაქმებული და მთავრობის წარმომადგენელი დასხდნენ მაგიდასთან, აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს იქ და არ იქნას პროცესები ქუჩაში გადატანილი.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი