ახალი ამბები

პირდაპირი მიყიდვის წესი “ოცნების” ხელისუფლებაში და კორუფციის რისკები

5 მარტი, 2014 • • 2371
პირდაპირი მიყიდვის წესი “ოცნების” ხელისუფლებაში და კორუფციის რისკები

2012 წელს მსგავსი კონტრაქტების ღირებულებამ 1.17 მილიარდ ლარს მიაღწია. არაკონკურენტული წესით გაფორმებულმა კონტრაქტებმა მთავრობის დანახარჯების 18% შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.7%-ია. 2013 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე კი მათი მოცულობა 450 მილიონი ლარი იყო.

 

შპს “ზიმო” იმ კომპანიებს შორისაა, რომლებმაც “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მსხვილი დაკვეთა პირდაპირი მიყიდვის წესით, არაკონკურენტულ გარემოში მიიღეს. გასულ წელს სახელმწიფო ორგანიზაციებმა ამ კომპანიას მთლიანობაში თექვსმეტ მილიონამდე ლარის სამუშაო დაუკვეთეს. აქედან 9 180 102 ლარის ღირებულების დაკვეთა კომპანიამ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიიღო. შპს “ზიმოს” ფოთის მალთაყვის უბანში დევნილებისთვის ხუთსართულიანი შვიდი შენობისგან შემდგარი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა დაუკვეთეს. სამუშაოების შესრულების მიზნით კომპანიის შესარჩევად მუნიციპალური განვითარების ფონდს ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია და “ზიმოს” მფლობელებს პირდაპირი მიყიდვის წესით გაურიგდა. რაც იმას ნიშნავს, რომ პრეტენდენტ კომპანიებს ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებისა და თანხის დაწევის შეთავაზების შანსი არ მიეცათ.

 

“პირდაპირ გაფორმებულმა კონტრაქტებმა შესაძლოა მთავრობის ხარჯების გაუმართლებელი ზრდა გამოიწვიოს, რადგან არ არსებობს ფასის დაწევის შესაძლებლობა, რასაც, ტენდერის გამოცხადებისას კონკურენტი კომპანიის არსებობა უზრუნველყოფს”, – განმარტა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანალიტიკოსმა გიორგი ჭანტურიამ “ბათუმელებთან” საუბარში.

 

“ზიმოს” 25-პროცენტიანი წილის მფლობელია შპს “ზიმო 7”-ის დამფუძნებელი ბეგლარ აბუსერიძე. ამ კომპანიამ გასულ წელს ბათუმის მერიისგან 1 687 217 ლარის დაკვეთა მიიღო. ამ შემთხვევაში კომპანიამ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. თუმცა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამშენებლო ბაზარზე ის გაცილებით უფრო აქტიურად ჩანდა და მსხვილ ბიუჯეტიან ტენდერებსაც იგებდა. 2010 წლიდან 2013 წლის აგვისტომდე პერიოდში ამ კომპანიამ მხოლოდ ბათუმის მერიასთან 17 374 124 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. გამარტივებული წესით ამ პერიოდში მიღებული დაკვეთების ღირებულება, ჯამში, 6 235 302 ლარია.

 

ორივე კომპანია – შპს “ზიმო” და “ზიმო-7” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ფონდის სტაბილური შემწირველები არიან. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის “ზიმომ” მმართველ პარტიას 50 ათასი, “ზიმო -7”-მა კი 30 ათასი ლარი გადაურიცხა. “ბათუმელები” კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა კომპანიის დირექტორმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

 

2012 წელს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” შემოწირულობების სახით 6.6 მილიონი ლარი მიიღო სწორედ იმ პირებისაგან, რომელთა კომპანიებმაც სახელმწიფოსგან პირდაპირი კონტრაქტების მეშვეობით 160 მილიონი ლარი მიიღეს. იმავე კომპანიებმა 2011 წელს 110 მილიონი ლარი მიიღეს.

 

პირდაპირი მიყიდვის წესით კონტრაქტების გაფორმების პრაქტიკას ახალი ხელისუფლებაც იყენებს. “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სამთავრობო ორგანიზაციებიდან შპს “ზიმოს” გარდა პირდაპირი მიყიდვის წესით ხუთმილიონიანი და უფრო ძვირადღირებული კონტრაქტები კიდევ რვა კომპანიას გაუფორმეს, მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული – 163 543 830 ლარის ღირებულების – კონტრაქტი თურქულ კომპანიას “ჩელიკ ენერჯის” გაუფორმდა. კომპანიას ძვირადღირებული სამუშაოები გარდაბნის თბოსადგურმა დაუკვეთა.

 

პირდაპირი მიყიდვის წესით ამ მოწვევის საქართველოს პარლამენტმაც ისარგებლა, პარლამენტის აპარატმა არაბულ კომპანიას “Sony Professional Solutions MEA FZ LLC”-ს კენჭისყრის, ტელესაკონფერენციო და სამაუწყებლო სისტემები UPS-ისა და კონდიციონერების ჩათვლით, ასევე თბილისში პარლამენტის შენობის აღგენითი სამუშაოები დაუკვეთა, ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ კომპანიამ 7 865 654 დოლარი მიიღო.


“კონტრაქტების გაფორმება გამჭვირვალე ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით კორუფციის რისკებს ზრდის, რადგან, კონტრაქტები შესაძლოა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ან მმართველი პარტიის მხარდამჭერ კომპანიებთან დაიდოს”, – ამბობს გიორგი ჭანტურია.

 

წინა მთავრობის მმართველობისას, 2011 წელს, სახელმწიფომ რკინიგზასთან დაკავშირებული პროექტების ჩათვლით 2 მილიარდ 100 მილიონი ლარის ღირებულების პირდაპირი კონტრაქტები გააფორმა. 2012 წელს მსგავსი კონტრაქტების ღირებულებამ 1.17 მილიარდ ლარს მიაღწია, 2013 წლის პირველი ცხრა თვის მანძილზე კი მათი მოცულობა 450 მილიონი ლარი იყო. 2012 წელს არაკონკურენტული წესით გაფორმებულმა კონტრაქტებმა მთავრობის დანახარჯების 18% შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.7%-ია.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ახალ ანგარიშში: „გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები – კორუფციის რისკები” ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში პირდაპირი კონტრაქტების რაოდენობამ იკლო, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე კი სტაბილურად იზრდებოდა.

 

გიორგი ჭანტურიას მაგალითი მოჰყავს: “2013 წელს „ელიტა ბურჯმა”, რომელსაც, სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების მეშვეობით ფლობს, „ქართულ ოცნებას” 50 000 ლარი შესწირა. ამ კომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პირდაპირი კონტრაქტების მეშვეობით იმავე წელს 80 000 ლარი მიიღო. თანხის მსგავსი მოძრაობა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ნაკლებად შეინიშნებოდა, თუმცა მაინც რჩება რისკი, რომ პირდაპირი კონტრაქტები შეიძლება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის იქნეს გამოყენებული.”

 

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით განსაზღვრული გამარტივებული შესყიდვის წესი ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, რაც საბოლოო ჯამში ეწინააღმდეგება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს, კერძოდ: სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის არსებობას. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფას და სახელმწიფო შესყიდვების მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებას”, – განმარტავს საქართველოს იურისტთა ასოციაციის ბათუმის ორგანიზაციის იურისტი მაია ქათამაძე.


 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით რეკომენდაცია გამოაქვეყნა: “მთავრობა უნდა ეცადოს, კიდევ უფრო შეამციროს იმ პირდაპირი კონტრაქტების რაოდენობა, რომლებიც კომპანიებთან სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული წესებით და პრეზიდენტის, მთავრობის თანხმობის საფუძველზე ფორმდება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელიც უფრო ვიწრო და კონკრეტულ ჩარჩოებში მოაქცევს პირდაპირი კონტრაქტების გაცემის წესს.

 

უნდა გამოსწორდეს სამართლებრივი ხარვეზები, რომლებიც ზოგიერთი ტიპის კონტრაქტს ათავისუფლებს ინტერნეტში გამოქვეყნების ვალდებულებისგან. ესენია, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაფორმებული პირდაპირი კონტრაქტები და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან განხორციელებული შესყიდვები. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში ადგილობრივ დონეზე გაძლიერდეს შიდა საზედამხედველო მექანიზმები.
კანონში შესატან ცვლილებებზე ჯერჯერობით პარლამენტს მუშაობა არ დაუწყია.

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე “ბათუმელებთან” აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მიმართვებზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ხარვეზების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუმცა მიიჩნევს, რომ “საკითხი მოსასმენია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი