ახალი ამბები

ჰესი მეწყერსაშიშ ზონაში

5 მარტი, 2014 • • 2633
ჰესი მეწყერსაშიშ ზონაში

“დადგა დრო, ხელისუფლებამ ის დაგვიბრუნოს, რაც 1989 წელს მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ მოგვპარეს”, – ამბობენ წაბლანაში. სწორედ ამის გამო გასულ კვირას ტყეში არ შეუშვეს ჯგუფი, რომელსაც პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მოსაჭრელი ხეები უნდა მოენიშნა.


წაბლანაში 1989 წელს 23 ადამიანი დამარხა მეწყერმა, მათ შორის სამი ბავშვი იყო. მაშინ ხელისუფლებამ სტიქიის ზონიდან მოსახლეობა ბათუმში გამოარიდა. ამ დროისთვის მათი უმრავლესობა ისევ წაბლანაში ცხოვრობს.

 

სოფელში მცხოვრები შაინიძეები ამბობენ, რომ მაშინ მათ სახელმწიფო ბათუმში ბინებს დაჰპირდა და ხელშეკრულებებიც გაუფორმა. წაბლანელები ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ორი კორპუსის საძირკვლის ჩამოსხმის ღონისძიებაზეც მიიწვიეს და უთხრეს, რომ ბინები მათთვის ამ სახლებში აშენდებოდა.

 

“ცოტა ხანში კი ჩვენთვის გადმორიცხული ფული სადღაც გაქრა. ეს დოკუმენტები დევს აჭარის მთავრობაში. ჩვენ ვითხოვთ, მთავრობამ ახლა მაინც გამოიძიოს და თქვას, ვინ მიისაკუთრა ჩვენი სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილი ფული. თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ მოგვცეს ბინები ან თანხა ბინების შესაძენად”, – ამბობენ შაინიძეები.

 

ლევან ვარშალომიძის ბრძანებით წაბლანელებისთვის გამოყოფილი მიწა 2 წლის წინ კერძო პირს მიჰყიდეს. აი, ამ ფონზე, კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯია” და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე თვეა ცდილობენ წაბლანელებთან მოლაპარაკებას.

 

გულნარა შაინიძე ამბობს, რომ მათ სოფელში დაახლოებით ოცმა კომლმა მიიღო კომპენსაცია.

 

“როგორც მე ვიცი, 400 ათასი ლარი დაურიგეს კვატიელებს. გვითხრეს, რომ ჩვენთვის მილიონ ასი ათასი ლარი აქვთ. ამბობენ, რომ ამ ფულს საერთო სარგებლობის მიწებში გადაიხდიან, მაგრამ ამ მიწებს პატრონი ჰყავს. გარდა ამისა, 20 ოჯახი, რომლებმაც ფული უკვე მიიღეს, ზოგმა 100 ათასი ლარიც კი, ისევ ითხოვს კომპენსაციას – ამბობენ, რომ თუ საერთო სარგებლობის მიწაა, მაშინ წილი მათაც ეკუთვნით. ამაზე ვერ ვთანხმდებით”.

 

წაბლანაში კომპენსაციამიღებულების გამოკლებით 210 ოჯახი ცხოვრობს. გულნარა შაინიძე ელის, რომ სახელმწიფო კომისიას შექმნის და საკითხს სწორად გადაწყვეტს. სხვა წაბლანელები კი ფიქრობენ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც სოფლის უხუცესები გადაწყვეტენ: “ჩვენ უხუცესები გვყავს. კანონი იმის მიხედვით შეიცვლება, რასაც ეს უხუცესები იტყვიან”.

 

“აჭარისწყალი ჯორჯიას” ერთ-ერთი მენეჯერი – ზვიად დიასამიძე, რომელიც აქტიურად არის ჩართული მოსახლეობასთან მოლაპარაკების პროცესში, ამბობს, რომ კომპანიას წაბლანაში კომპენსაცია წარსული ტრაგედიიდან გამომდინარე არ გაუცია. “თანხა გაიცა საერთო სარგებლობის მიწებისთვის”.

 

ჯერჯერობით უცნობია სოფელ ღურტას მცხოვრებლების საჯარო პოზიცია. წინასწარი ინფორმაციით, კომპენსაციის მოთხოვნით აქციების გამართვას აპირებენ როგორც ამ სოფლის, ისე მიმდებარე სოფლების მოსახლეობა.

 პიტერ რაე, აჭარისწყლის ჰიდროენერგოპროექტის დირექტორი
პიტერ რაე, აჭარისწყლის ჰიდროენერგოპროექტის დირექტორი

 

ეს ყველაფერი ხომ არ ნიშნავს იმას, რომ “შუახევიჰესის” მშენებლობის პროექტი შეიძლება ჩიხში შევიდეს? -“ბათუმელების” კითხვებს “შუახევიჰესის” მშენებლობისა და ოპერირების პროექტის დირექტორმა პიტერ ჯოზეფ რაემ უპასუხა:

 

ინტერვიუ “შუახევიჰესის” პროექტის დირექტორთან

 

თქვენი კომპანია წაბლანასა და კვატიაში აპირებდა 1,5 მილიონი ლარის კომპენსაციის გაცემას. შეგიძლიათ დააზუსტოთ, რა არის ხალხის მოთხოვნა?

 

კომპანიამ გამოავლინა ყველა მესაკუთრე და მიწათმოსარგებლე, რომლის მიწის ნაკვეთები მოექცა პროექტის ზეგავლენის ქვეშ. ჩვენ მათ კომპენსაცია გადავუხადეთ და მიწები გადმოვიდა ჩვენს საკუთრებაში. რაც შეეხება წაბლანას, ეს უნიკალური შემთხვევაა. წაბლანაშიც იგივე მიდგომა გამოვიყენეთ, რაც სხვაგან – განვსაზღვრეთ მიწის მფლობელები, დადგინდა ფასი, მაგრამ, სამწუხაროდ, სოფელში ვერ მოხერხდა შეთანხმება. წაბლანა მხოლოდ კომპანიისგან არ ცდილობს კომპენსაციის მიღებას, იმავეს ცდილობს სახელმწიფოსგანაც. ჩვენ ამის ვალდებულება არ გვაქვს.

 

გამომდინარე იმ ტრაგედიიდან, რაც მოხდა 1989 წელს, კომპანიამ შესთავაზა სოფელს სოციალური პროექტები, რაც არ შედიოდა კომპენსაციის ნუსხაში, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოხერხდა მათთან შეთანხმება. შეიქმნა განვითარების ფონდი, გამოვყავით 1,5 მილიონი ლარი გადასაცემად, დაგვპირდა მოსახლეობა თანამშრომლობას, მაგრამ დაარღვიეს პირობა და თანამშრომლობა არ შედგა.


ჩემი ინფორმაციით უშუალოდ თქვენგან 10 მილიონ ლარს ითხოვენ. ეს სიმართლეა?


10 მილიონს არა ჩვენგან, არამედ საქართველოს სახელმწიფოსგან ითხოვენ.


უშვებთ, რომ სოფელმა შეიძლება არ შეგიშვათ სამუშაოების შესასრულებლად და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პროექტი შევიდა ჩიხში?


არა, რადგან პროექტი არამარტო სხალთაში, არამედ სხვა ადგილებშიც ხორციელდება, სადაც ჩვენ თავისუფლად ვმუშაობთ, კონკრეტულად შუახევში, ჩირუხის წყალზე.


კომპენსაციებისთვის რა რაოდენობის თანხა გაქვთ გათვალისწინებული, თუ საიდუმლო არ არის?


პირდაპირ ზემოქმედების ქვეშ რომელი ოჯახების მიწაც მოექცა, იმათთვის 5-6 მილიონ დოლარამდეა გაცემული. მაგრამ ვისი მიწის ნაკვეთებიც არ განიცდის არანაირ ზემოქმედებას, ისინიც მოითხოვენ კომპენსაციას. კომპანია ამ ფულს, როგორც საჩუქარს, ვერ გასცემს. გარდა ამისა, პროექტი ისეა შემუშავებული, რომ ძალიან ცოტა მიწას ვაზიანებთ. იგივე წყალსაცავებისთვის გამოყოფილი ტერიტორიაც ძალიან პატარაა და ასევე ჰესის შენობის ადგილიც მცირეა. ყველაზე დიდ ზემოქმედებას მოსახლეობა იგრძნობს იმით, რომ ტრანსპორტის მოძრაობა გაიზრდება.


სოფლებში ეჭვობენ, რომ ეს არის სარისკო პროექტი მათთვის მომავალში და შესაბამისად გაჩნდა მოთხოვნა განსახლებაზეც. გზშ-ში წერია, რომ კომპანია აპირებდა წინასწარი, შუალედური და საბოლოო გეოლოგიური დასკვნების მომზადებას. ამ დროისთვის რა დასკვნები გაქვთ?


ყველა კვლევის დასკვნა, რაც ამ პროექტთან დაკავშირებით მომზადდა, სამინისტროს წარვუდგინეთ. თუმცა არ გვგონია, რომ მოსახლეობის მოთხოვნა გეოლოგიური საშიშროებიდან გამომდინარე იყოს. მათი მხრიდან უფრო ფინანსური დაინტერესება ჩანს.

 

ის მეთოდი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ პროექტის განხორციელებისთვის, არის საკმაოდ უსაფრთხო. ჩვენ კარგად გვქონდა გაცნობიერებული, რომ იქ მეწყერსაშიში ზონაა და ამიტომაც ჩავატარეთ ამდენი გეოლოგიური კვლევა.

 

მაქსიმალურად გამოვავლინეთ მგრძნობიარე უბნები და მაქსიმალურად ავარიდეთ პროექტი მეწყერსაშიშ ზონებს. გვირაბის გაყვანის მეთოდებიც იქნება საკმაოდ უსაფრთხო და არ გამოიწვევს ქანების დესტაბილიზაციას.

 

კვლევები როდის ჩაატარეთ?

 

ქანები შევისწავლეთ 2012-2013 წლებში… გზშ-ში მოთხოვნა არ იყო, წარგვედგინა არსებული გრუნტის სრული სურათი, მაგრამ სამინისტროში გზშ-ს წარდგენის შემდეგ შეიკრიბა გეოლოგების ჯგუფი, რომლებმაც ითხოვეს, რომ კვლევების შედეგები მათთვისაც წარგვედგინა. შესაბამისად, კვლევების მონაცემები გადავეცით სამინისტროს.

 

სოფლებში – ღურტასა და წაბლანაში – თქვენ აპირებთ გვირაბების გაყვანას სხლათა-ღურტის მიმართულებით და ჩირუხისწყალი-სხალთის მიმართულებით. იმ მარშრუტზე, სადაც გვირაბების გაყვანას აპირებთ, კვლევების მიხედვით, რა სახის ქანებია?

 

შემიძლია ვთქვათ, რომ იქ არის კლდოვანი ქანები, რაც საშუალებას გვაძლევს გავიყვანოთ გვირაბი.


ღურტაში 1971 წელს ზვავმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, ასევე 1989 წელს მეწყერმა იმსხვერპლა ადამიანები სოფელ წაბლანაში. თქვენ ძირითადი სამუშაოების შესრულებას სწორედ ამ მონაკვეთში გეგმავთ. რატომ აირჩიეთ ეს ორი სოფელი და არა, ვთქვათ, ხეობის სხვა რომელიმე მონაკვეთი?

 

მეწყერი მარტო წაბლანასა და ღურტაში კი არა, მთლიანად მდინარის გაყოლებაზეა და ის გაცილებით დიდია, ვიდრე წაბლანის მეწყერი იყო. ღურტაში გვირაბი უნდა გამოვიდეს სხალთიდან, რომელიც გაივლის 150 მეტრის სიღრმეში, ანუ მას არანაირი შეხება არ ექნება არსებულ მეწყერთან. წაბლანის “გადასაგდები გვირაბი” კი აშენდება სოფლიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, 200 მეტრის სიღრმეში.

 

თანამედროვე სამშენებლო მეთოდები გვაძლევს შესაძლებლობას ასეთ ადგილებში განვახორციელოთ პროექტი. გვირაბის გაყვანის პროცესში აფეთქება იქნება დაბალი მუხტით და ინტერვალების დაცვით, ანუ ერთდროულად არ ჩატარდება სამუშაოები.

 

გარდა ამისა, მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ დავაკვირდებით გრუნტის ზედაპირზე რა ხდება – დავამონტაჟებთ ბეტონის მონუმენტებს და გავაკონტროლებთ, რამდენით დაიწევს გრუნტი, აფეთქების შედეგად იქება გამოწვეული, თუ ბუნებრივად.

 

აფეთქებას მუდმივად გავაკონტროლებთ და ვმართავთ. თუ ვნახეთ, რომ რაღაც არასწორია, სამუშაოს მეთოდს შევიცვლით.

 

გზშ-ში წერია, რომ გასაყვანი გვირაბის გარკვეულ მარშრუტზე კლდოვან ქანებთან ერთად არის რბილი ქანებიც. ეს არ არის სახიფათო?

 

ჩვენი გათვლებით ყველაზე უფრო გამოფიტულ ქანებს შევხვდებით დიდაჭარა-შუახევის გვირაბზე. გამოფიტულ ქანებს გავამაგრებთ სპეციალური ჭანჭიკებით, ასევე შევამცირებთ დაწნევას და მოვაპირკეთებთ ბეტონით. ამ ტერიტორიაზე აფეთქებას არ ვაპირებთ, გამოვთხრით – ამოვიღებთ მიწას, გავამაგრებთ… ასე გავივლით მთელ მონაკვეთს.

 

გზშ-ში წერია, რომ წაბლანის მონაკვეთზე 1989 წლის მეწყრის შემდეგ დაგროვილი ალუვიონის (მდინარის მიერ მოგროვილი დანალექი) სიღრმე ზოგან 50 მეტრსაც აღწევს. როგორც ვიცი, სწორედ ამ მონაკვეთში აპირებთ წყლის დაგუბებას. შესწავლილი გაქვთ ეს ქანი რა ოდენობის წყლის მასას გაუძლებს?

 

ალუვიონი არის გარკვეულ მონაკვეთში, გვირაბი კი გადის ზემოთ, შესაბამისად, ამ ბიოქანთან შეხება არ აქვს. გვირაბის მონაკვეთთან ძალიან დაბალია რბილი ქანების ფენა. რაც შეეხება კაშხალს, ამ მონაკვეთზეც ალუვიონს მთლიანად ჩავაბეტონებთ. გასამაგრებელი სამუშაოები ჩატარდება ყველგან.

 

არც ერთ წყალსაცავს წაბლანასა და ღურტაში შეხება არ აქვს მეწყერთან, მეწყერი არის კვატიაში. დაგუბების ადგილიც მთლიანად კლდოვანი ქანია. გარდა ამისა, პროექტი მეწყრული უბნებიდან გარეთ მდებარეობს. ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ გვირაბი 500-600 მეტრის სიღრმეში არ ჩავიდეს – სამუშაოების წარმოება არ იქნება უსაფრთხო.

 

რას გულისხმობთ?


რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, წნევა არის დიდი და ქანები იმსხვრევა.

 

რომელია ყველაზე რთული უბანი გეოლოგიური თვალსაზრისით?

 

ჩვენ გვინდა, რომ არანაირი შეხება არ გვქონდეს მეწყერთან. კვლევების საფუძველზე ვიცით, რომ ბევრი მეწყერია, რომელიც ხეობაში ახლაც მოძრაობს. მშენებლობის დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. უნდა იცოდეთ ასევე, რომ წაბლანაში მეწყერი არ არის. ღურტა კი მდებარეობს პროექტის ზემოთ – ამ პროექტს ღურტასთან არანაირი შეხება არ აქვს.

 

იქნებ დააკონკრეტოთ, თქვენი კვლევების მიხედვით, რომელია ყველაზე რთული უბანი?

 

გარანტიას გაძლევთ – რომც არ გაკეთდეს პროექტი, მეწყერი აუცილებლად იქნება, რადგან მეწყერი ყველგან არის. უბრალოდ, ჩვენი მოვალეობაა, ისე გავაკეთოთ პროექტი, რომ ის არ გავაბრაზოთ, არ გავაღიზიანოთ. მაგრამ იმის გარანტიასაც გაძლევთ, რომ გვირაბებს ისე გავიყვანთ, არანიარ საშიშროებას არ გამოვიწვევთ.

 

ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც სახელმწიფოსთან გაქვთ გაფორმებული, გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას?

 

უშუალოდ მშენებლობა, ფლობა, ოპერირების ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველოს მთავრობასთან გაფორმდა, ასეთ პასუხისმგებლობაზე არ გვიწერია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რომელმაც გასცა ნებართვა ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე. ერთ-ერთი მოთხოვნა არის მეწყრის მუდმივი მონიტორინგი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და გავაკეთებთ. მშენებლობისას თუ აღმოჩნდა, რომ რაღაც არასწორად ხდება, პროექტი ამ აღმოჩენებს უნდა მოვარგოთ. ჩვენი კომპანია ყოველთვის ამბობდა და ახლაც ვიტყვი, რომ თუ მოსახლეობას ჩვენგან რაიმე ზიანი მიადგება, ჩვენ ამას ავანაზღაურებთ. მაგრამ ავანაზღაურებთ არ ნიშნავს განსახლებას.


მოსახლეობა რომ განსახლებას ითხოვს?


ითხოვენ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ. ამის საჭიროება არ არის, რადგან პროექტი იმხელა გავლენას არ მოახდენს, რომ მოსახლეობის განსახლება აუცილებელი იყოს. ჩვენ დიდი გულისყურით ვაკვირდებით ამ პროექტს. გვესმის მოსახლეობის პრობლემებიც, მათი შეშფოთებაც, მაგრამ მინდა დავარწმუნო ისინი, რომ პროექტი არ არის საფრთხის შემცველი და შიშის არავითარი საფუძველი არ აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი