ახალი ამბები

სუს-მა გამოძიება მაჩალიკაშვილის განცხადებაზე ტერორიზმის მუქარის მუხლით დაიწყო

14 აგვისტო, 2018 • 2439
სუს-მა გამოძიება მაჩალიკაშვილის განცხადებაზე ტერორიზმის მუქარის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 18/323-ე მეხლის I ნაწილით მიმდინარეობს. პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დღეს, 14 აგვისტოს, მოწმის სტატუსით მივიდა.

სუს-ში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ 31 მაისს აქციაზე გაკეთებული განცხადება ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული.

31 მაისს აქციაზე მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს.

სუს-მა ამ განცხადებაზე გამოძიება 12 ივნისს დაიწყო.

მოგვიანებით, მაჩალიკაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა:

 “ჩემთვის მოკვლაზე მძიმეა მისი ტერორიზმში დადანაშაულება. ერთი წელი არ იყო ბავშვი საზოგადოებაში გამოსული, ძლივს შევაქუჩე ის ფული, ის 14 000 ლარი, ოპერაცია გავუკეთე, ხალხში გამოვიყვანე. აიღეს და ამათ ჩამიცხრილეს ლოგინში და ტერორიზმში დაადანაშაულეს კიდევ. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ ასეთ განცხადებას აკეთებო. იმას აღარ ფიქრობენ, მუსლიმ კაცს რაღაც თუ წამომცდა, მაგას კუდს გამოაბამენ, ეს არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ემოციურად მომივიდა, შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერ ასე მოქცეოდა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა ჩემს ხალხს, ჩეჩენ ხალხს ჩემთან, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და დავაყოლებდი მათ ათას ადამიანს ჩემს თემირლანს, მაგრამ მე ამას საქართველოში არც გავაკეთებდი და არც გავაკეთებ,” – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი