ახალი ამბები

მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს – თამთა მიქელაძე

13 აგვისტო, 2018 • 3845
მაჩალიკაშვილი კონტრტერორისტულ დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს – თამთა მიქელაძე

პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის კონკტრტერორისტულ დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) იურისტი თამთა მიქელაძე იუწყება.

მიქელაძის ინფორმაციით, დაკითხვა ხვალ, 14 აგვისტოს, 12 საათზეა დანიშნული. იურისტის თქმით, უცნობია, კონკრეტულად რაზე იბარებენ მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე, თუმცა ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ სუს-ს კითხვები მაჩალიკაშვილის მიერ 31 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე აქვს.

“ვვარაუდობთ, რომ მისი დაკითხვა 31 მაისს აქციაზე გაკეთებულ განცხადებას შეიძლება უკავშირდებოდეს. ორ თვეზე მეტი დრო გავიდა ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყების მომენტიდან და ჩვენი არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ამ საქმეზე არც ერთი ტიპის ინფორმაცია პროკურატურას არ მოუწოდებია. საინტერესოა დაკითხვის შინაარსი და სტრატეგია რა იქნება. ჩვენი ადვოკატი მასთან ერთად იქნება”, – წერს მიქელაძე “ფეისბუქზე”.

 “ნეტგაზეთი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ინფორმაციის გადამოწმებას დაგვპირდნენ. დამატებით ცნობებს პასუხის მიღებისთანავე მოგაწვდით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 12 ივნისიდან იძიებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ 31 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს.

მოგვიანებით, მაჩალიკაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა:

 “ჩემთვის მოკვლაზე მძიმეა მისი ტერორიზმში დადანაშაულება. ერთი წელი არ იყო ბავშვი საზოგადოებაში გამოსული, ძლივს შევაქუჩე ის ფული, ის 14 000 ლარი, ოპერაცია გავუკეთე, ხალხში გამოვიყვანე. აიღეს და ამათ ჩამიცხრილეს ლოგინში და ტერორიზმში დაადანაშაულეს კიდევ. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ ასეთ განცხადებას აკეთებო. იმას აღარ ფიქრობენ, მუსლიმ კაცს რაღაც თუ წამომცდა, მაგას კუდს გამოაბამენ, ეს არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ემოციურად მომივიდა, შეიძლება ჩემს ადგილას ნებისმიერ ასე მოქცეოდა, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა ჩემს ხალხს, ჩეჩენ ხალხს ჩემთან, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და დავაყოლებდი მათ ათას ადამიანს ჩემს თემირლანს, მაგრამ მე ამას საქართველოში არც გავაკეთებდი და არც გავაკეთებ,” – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი