ახალი ამბები

სასამართლომ თქვა, აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო, ილია მეორე კი ითხოვს იქ დაბრუნებას – ჯაფარიძე

5 აგვისტო, 2018 • 8155
სასამართლომ თქვა, აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო, ილია მეორე კი ითხოვს იქ დაბრუნებას – ჯაფარიძე

“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პატრიარქ ილია მეორის განცხადება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების დაგმობასთან დაკავშირებით, არის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა.

“საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაზე ვთქვი – ამით მნიშვნელოვნად დავშორდით საბჭოთა კავშირს-თქო. რამდენიმემ მომწერა, ეგ რა შუაშიაო. მთავარი განსხვავება საბჭოთა კავშირსა და თავისუფალ საზოგადოებას შორის მდგომარეობს იმაში, თუ როგორ უყურებს ეს ორი სისტემა ადამიანს. თავისუფალი საზოგადოება ნიშნავს. რომ სისტემა საკუთარ შემადგენელ კომპონენტებს უყურებს როგორც ადამიანებს – თავისუფალ არსებებს, რომლებიც თავად არიან პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე” – წერს ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

“საბჭოთა კავშირი ნიშნავდა სისტემას, რომელიც ადამიანებს თვლიდა არა ადამიანებად, არამედ რაღაც არსებებად, რომელიც უნდა ემართათ ძლიერთა ამა ქვეყნისა, რადგან თუ ამ არსებებს მისცემდნენ თავისუფლებას, ისინი თავს დაიღუპავდნენ იმ დაშვებიდან, რომ ადამიანები სინამდვილეში არ არიან ადამიანები, ანუ თავისუფალი არსებები, არამედ არიან სამართავი ხროვა. ერთი ნაბიჯია ადამიანების ხოცვამდე, სტატისტიკის გასაუმჯობესებლად ეს იყო საბჭოთა კავშირი ამიტომ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი – ამ გადაწყვეტილებით ითქვა, რომ ადამიანი თავისუფალია, აკეთოს რაც უნდა, თუ ის სხვა ადამიანებს არ აყენებს ზიანს და სახელმწიფოს არ აქვს უფლება, ასეთი ქმედებებისთვის ადამიანი დასაჯოს. ანუ, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ჩვენ სხვანაირი სახელმწიფო ვართო, აღარ ვართ საბჭოთა კავშირიო, ეს ადამიანი [პატრიარქი] კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა განგისაზღვროთ, როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა არის ცუდი. ის ფიქრობს, რომ მან უნდა “დაგრთოთ ნება” ქმედებისთვის, რომლითაც არავის აყენებთ ზიანს. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას. ის სრულად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დღეს, 5 აგვისტოს, ქადაგებისას დაგმო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შესახებ და თქვა, რომ “ეს არის ქვეყნის მტრობა”.

მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა – საკონსტიტუციოს ისტორიული გადაწყვეტილება

მასალების გადაბეჭდვის წესი