ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ივნისში ეკონომიკური ზრის შემცირებას, სამშენებლო სფეროს რეგულაციებს უკავშირებს. მინისტრის თქმით, თბილისში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა გამკაცრდა და მთავრობას მოლოდინი ჰქონდა, რომ ეს საკითხი მშპ-ს თვიურ მაჩვენებელზე აისახებოდა.
“რა თქმა უნდა, გვინდა ეკონომიკის ზრდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, მაგრამ ეკონომიკის ზრდასთან ერთად გვინდა რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა. გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ ქალაქში, სადაც ნორმალური ჰაერი გვექნება და სადაც თავს კარგად ვიგრძნობთ. ამას რეგულაციები მოჰყვება. რატომ შემცირდა ეკონომიკური ზრდა?! იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ქალაქის ცენტრში მშენებლობები დავარეგულიროთ. ამან სამშენებლო ნებართვების აღების გამკაცრება გამოიწვია. შედეგად ეკონომიკურ ზრდაზე გარკვეული დარტყმა მივიღეთ,”-განაცხადა გიორგი ქობულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2018 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. ივნისში 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. საქსტატის თანახმად, 2018 წლის მაისში ეკონომიკური ზრდა 7.5%-ით იყო.