ტრეფიკინგის ინსტალაცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მანეკენებზე დატანილი ტრეფიკინგის ისტორიები – როგორ ებრძვიან პრობლემას საქართველოში

“მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა. მე და ჩემმა დამ ერთ-ერთ ბარში დავიწყეთ მიმტანებად მუშაობა. ბარის მეპატრონემ გვითხრა, რომ მეტი თანხის გამომუშავების მიზნით, შეგვეძლო ბარში შემოსული მამაკაცებისთვის სექსუალური მომსახურება გაგვეწია. თავიდან უარზე ვიყავით, თუმცა ბოლოს დავთანხმდით”.

24 წლის სალომეს ისტორია ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე მოწყობილ ინსტალაციაზე გამოსახეს. სანამ მსხვერპლად იქცევიან, ადამიანები, პრაქტიკულად, იდენტურ გზას გადიან. მსგავსია მათი გაგრძელებაც – იძულება, ექსპლუატაცია და ძალადობა:

“…დაიწყო ჩვენთვის არარსებული ვალების დაწერა, კლიენტებისთვის მომსახურებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი ფიზიკურად გვისწორდებოდა და დაუმორჩილებლობის დროს ჩვენი მცირეწლოვანი ძმების მოკვლით გვემუქრებოდა. გვეძინა იქვე, პატარა ოთახში, ხის საწოლზე გადაფარებულ დახეულ ნაჭერზე. არ იყო არც ფანჯარა და არც გათბობა. კლიენტებს ბარის მეპატრონე არჩევდა, გამომუშავებულ თანხას კი მთლიანად გვართმევდა”, – ვკითხულობთ სალომეს ამბის მეორე ნაწილში.

ტრეფიკინგის ინსტალაცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ტრეფიკინგის ინსტალაცია. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს პრობლემის სიმძიმის გამოსახვას სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ინსტალაციით შეეცადნენ. ქალების, კაცებისა და ბავშვების მანეკენებზე მათი სახელები, ასაკი და ისტორიებია დატანილი. პარალელურად, ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები ადგილზე საინფორმაციო ფლაერებსა და მაისურებს არიგებდნენ.

ტრეფიკინგთან ბრძოლის პროცესში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსთანაც თანამშრომლობს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, ანა კაკუშაძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საზოგადოების ცნობიერების დონეა. ამ კუთხით მუშაობს როგორც სახელმწიფო, ისე არასამთავრობო სექტორი.

“ძალიან დაუცველნი არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულის მსხვერპლნი ხდებიან. ყველზე მთავარია საზოგადოების ინფორმირება, რომ მათ იცოდნენ, თუ მიდიხარ სამუშაოდ, უნდა იცოდე, რისთვის მიდიხარ, გქონდეს შესაბამისი ხელშეკრულება, არ უნდა ენდო უბრალოდ ნაცნობის რჩევას და წახვიდე ისეთ ადგილას, სადაც არ იცი, რა გელოდება. ამ მიმრთულებით ვმუშაობთ, თუმცა პროცესი ძალიან რთულია, ვინაიდან ეს ადამიანების ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული”.

ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები საინფორმაციო ფლაერებსა და მაისურებს არიგებენ. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლები საინფორმაციო ფლაერებსა და მაისურებს არიგებენ. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

საქართველოში ტრეფიკინგის რიცხობრივი მაჩვენებელი ბუნდოვანია. ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდს მხოლოდ იმ ადამიანთა შესახებ აქვს ინფორმაცია, რომელთაც უწყებას შესაბამისი პრობლემით თავად მიმართეს. 2017 წელს ასეთი სულ 10 ადამიანი იყო, მიმდინარე წელს კი – 4. მათი დიდი ნაწილი ქალები არიან, ექსპლუატაციის სახე – იძულებითი პროსტიტუცია.

ფონდის ხელმძღვანელის მოადგილის, ლაშა ჯინჯიხაძის თქმით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის საქართველოსთან ერთად უზბეკეთის მოქალაქეები დომინირებენ. ფონდის დაქვემდებარებაში არსებული თავშესაფრები და ცენტრები ადამიანებს სხვადასხვა სერვისით უზრუნველყოფენ.

“თუ გადავხედავთ საქმეებს, ჩანს, რომ პროცესში ჩართულნი არიან როგორც საქართველოს, ისე უზბეკეთის მოქალაქეები. შუამავალთა დახმარებით, უზბეკეთიდან საქართველოში ჩამოჰყავთ ადამიანები, თუნდაც, სამსახურის დაპირებით. თუმცა შემდგომ ხდება მათი სექსუალურ ექსპლუატაციაში ჩაბმა.

…თავშესაფრის ბაზაზე ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ 24-საათიანი საცხოვრებელი გარემო, იურისტის დახმარება, წარმომადგენლობა სამართალდამცავ და სასამართლო ორგანოებში, ფსიქოლოგის დახმარება, ერთჯერადი კომპენსაცია, სამედიცინო კუთხით მხარდაჭერა და დახმარება სოციალურ საკითხებში”, – აცხადებს ის.

თავშესაფრები თბილისსა და ბათუმში, კრიზისული ცენტრები კი თბილისში, ქუთაისსა და გორში მდებარეობს. მიმართვის შემთხვევაში, თავდაპირველად პირს კრიზისულ ცენტრში ათავსებენ, ხოლო შსს-ს მიერ ტრეფიკინგის შემთხვევის დადასტურების შემთხვევაში – სპეციალურ თავშესაფარში. მაშინ, როცა პირს საქმეში შსს-ს ჩართვა არ სურს, მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე თავად ფონდში მოქმედი კომისია მსჯელობს.

ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიჩნევს, რომ შრომითი, სექსუალური თუ სხვა სახის ექსპლუატაციის მსხვერპლია, შეუძლიათ, მიმართონ შსს-ს ან დაუკავშირდნენ ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო ფონდს, ცხელ ხაზზე – 116 006.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან