ახალი ამბები

დაკავებულია ქალი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა — შსს

26 იანვარი, 2024 • 4099
დაკავებულია ქალი, რომელიც არასრულწლოვან შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ქალი, რომელიც საკუთარ არასრულწლოვან შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა და მიღებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.

პოლიციამ დააკავა კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. ამავე მუხლით ბრალი წარუდგინეს უკვე პატიმრობაში მყოფ კიდევ ერთ ადამიანს.

არასრულწლოვანის დედას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, დანარჩენ ორ პირს კი — 3-დან 7 წლამდე.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ა.-მ შეიმუშავა არასრულწლოვანით ვაჭრობის სქემა, რომლის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა.

ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულ ნ.ა.-ს მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ო.ჭ.-სა და პატიმრობაში მყოფ ბ.ბ.-სთვის”, — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს ავრცელებს გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ აუდიომასალას, სადაც ისმის ბრალდებული დედისა და არასრუწლოვანი შვილის დიალოგი:

– ალო.
– ჰო, გამივედი, 60 ლარი მაქვს.
– 20 ლარიც იშოვე და დამირეკე.

– ფეხები მეტკინა.
– გეცვა ბოტასები და არ მიგეყარა სახლში.
– დახეულებია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც ადამიანით ვაჭრობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი