ახალი ამბები

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჰაერში მტვრის კონცენტრაციამ იმატა – NCDC-ს რეკომენდაციები

28 ივლისი, 2018 •
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჰაერში მტვრის კონცენტრაციამ იმატა – NCDC-ს რეკომენდაციები

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას ძლიერი სიცხის თანმდევი გართულებების შესახებ აფრთხილებს. უწყება მაღალი ტემპერატურის პირობებში მოქმედების რეკომენდაციებსაც გასცემს და განსაკუთრებულ ყურადღებას ჰაერში მტვრის კონცენტრაციის ზრდაზე ამახვილებს.

“მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი; გადახურება, რომელმაც შესაძლოა გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა და სითბური დაკვრა”, – წერია განცხადებაში.

ცენტრის განცხადებით, მაღალი ტემპერატურის დროს, შესაძლოა, ჰაერში მტვრის მასები გავრცელდეს. უწყება პროცესის თანმდევ გართულებებზე საუბრობს და რამდენიმე ნაერთს ახასიათებს, რომლებიც მტვერთან ერთად წარმოიქმნება და ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია.

  • “გოგირდის ორჟანგი იწვევს რესპირატორული სისტემის გაღიზიანებას, ამთებით პროცესს, ხველას, ასევე გავლენას ახდენს ფილტვებზე, იწვევს ქრონიკულ ბრონქიტს და სხვ.
  • ორგანული ნაერთებიდან ბენზოლი ყველაზე ყურადსაღებია, რადგან იგი კანცეროგენულია, იწვევს ლეიკემიას და სხვა ონკოლოგიურ დაავადებებს;
  • ნახშირჟანგი, აზოტის ოქსიდები იწვევს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, სასუნთქი გზების ანთებით პროცესებს, ალერგიას, იმუნური სისტემის დაქვეითებას და სხვა;
  • მტვრის ნაწილაკების მოხვედრა სასუნთქ გზებში იწვევს ქოშინს, ხველას, ბროექიტს, პნევმონიას, ასტმის პროვოცირებას და სხვა”

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის” განცხადებით, მტვრით ექსპოზიციისას შესაძლებელ სიმპტომთა შორის ალერგიული რეაქციები და ასთმის შეტევები, სუნთქვის პრობლემები და გულ-სისხლძართვთა დაავადებების გამწვავებაა. ყველაზე მეტად კი პროცესი ახალშობილებზე, ბავშვებსა და მოზარდებზე, ასაკოვან ადამიანებზე, დიაბეტის, სასუნთქვი სისტემისა და გულ-სისხლძარვთა პრობლემების მქონე პირებზე აისახება.

ამ კუთხით, NCDC-ის რეკომენდაციები ასე გამოიყურება:

“· მოერიდეთ გარე საქმიანობას და შეეცადეთ მცირე დრო დაჰყოთ გარეთ; განსაკუთრებით თუ გაქვთ ასთმა, დიაბეტი ან სუნთქვის უკმარისობა, რომელიმე ქრონიკული დაავადება;
· დაიფარეთ ცხვირი და პირი ნიღბით ან ნესტიანი ქსოვილით, რათა შეამციროთ მტვრის ნაწილაკებით ექსპოზიცია;
· დარჩით შენობაში, სადაც ფანჯრები და კარები დახურულია;

· თუ თქვენ ხართ დაავადებული ასთმით ან გაქვთ სხვა სახის რესპირატორული დაავადება და გამოგივლინდათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სუნთქვის გაძნელება, ხველა, ხიხინი, ან გულმკერდის ტკივილი, დაიცვათ დანიშნული მკურნალობის გეგმა. თუ სიმპტომები კვლავ გაგრძელდება, მიმართეთ ექიმს”.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 27 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის, თბილისში, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასები იყო გავრცელებული. სააგენტოს ცნობით, ეს სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებამ გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი