ახალი ამბები

სახელმწიფო სოფლად ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდისთვის “მარათონებს” აანონსებს

5 ოქტომბერი, 2021 • 1078
სახელმწიფო სოფლად ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდისთვის “მარათონებს” აანონსებს

სოფლად იმუნიზაციის მაჩვენებლის გაზრდისთვის სახელმწიფო გეგმავს “მარათონების” ჩატარებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის(NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, იდეა გულისხმობს კვირეულების ორგანიზებას, რომელთა ფარგლებშიც მედიცინის მუშაკები და სხვები რეგიონებში გავლენ, რათა ადგილობრივები ვაქცინაციის სიკეთეებში დაარწმუნონ და აცრან.

გამყრელიძის თანახმად, ვაქცინაციის კუთხით შედარებით უკეთესი ვითარებაა თბილისში, სადაც სამიზნე მოსახლეობის 79% აცრილია. შემდეგ მოდის აჭარა და რაჭა-ლეჩხუმი, შესაბამისად, სამიზნე მოსახლეობის 58 და 51%-ით. აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთშია.

ვითარების გამოსაკეთებლად სახელმწიფომ შეარჩია 68 დიდი დასახლებული პუნქტი, სადაც 3 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. აღნიშნული პუნქტების უმრავლესობა სოფლებია, იმ რეგიონებში კი, სადაც ფიზიკურად არ არსებობს 3 000-იანი სოფლები, მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრები შეარჩიეს.

“ახლა ყალიბდება ე.წ. ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია, ყველგან არის სოფლის ექიმი და ამასთან, დამატებით, თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები.

თბილისში, მოგეხსენებათ, ყველაზე მეტი ამცრელი პუნქტია. ისინი ახლა ძალიან დატვირთულნი არ არიან და მოხდება მათი გადამისამართება ამ სოფლებში”, — თქვა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, კვირეულების დაწყება 15 ოქტომბერს იგეგმება და პროცესი დაახლოებით 3 თვის მანძილზე გასტანს. ხსენებული 68 დასახლება, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, 250 000 მოსახლეს მოიცავს. ამ რიცხვს გამოაკლებენ ბავშვებს და იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე აიცრნენ, შემდეგ კი იმუშავებენ იმაზე, რომ თითოეულ სოფელში აცრან სამიზნე მოსახლეობა, ანუ მოზრდილთა 60%.

NCDC-ის ხელმძღვანელის სიტყვებით, პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და ექთნები, ასევე, ე.წ. იმუნიზაციის ოფიცრები, ანუ აგიტატორები, რომლებიც კარდაკარ ივლიან, ადამიანებს ვაქცინაციის სიკეთეებს აუხსნიან და ასაცრელად მიიწვევენ.

“თუ ამან გაამართლა, მერე ჩამოვალთ ქვემოთ, უკვე ავიღებთ სოფლებს 2 000-ზე ზემოთ [მოსახლეობით], შემდეგ [კიდევ უფრო] დაბლა…”, — დასძინა მან.

გამყრელიძის თქმით, კამპანიის ფარგლებში სახელმწიფოს სურს, 3 500 დასახლებული პუნქტი მოიცვას:

“ზოგიერთ პუნქტში 5-10 ადამიანი ცხოვრობს, ამიტომ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. დიდი მნიშვნელობა [იმ პუნქტებს], სადაც უფრო მასობრივად არის დასახლება, 1 000-ზე მეტი ადამიანი”.

აღნიშნულ პროცესს მონიტორინგს NCDC-ის წარმომადგენლები გაუწევენ. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო წაახალისებს სოფლის ექიმებსა და ე.წ. აგიტატორებს, რომლებიც “მარათონში” მიიღებენ მონაწილეობს.

ბრიფინგზე ასევე მწუხარება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში იმუნიზაციის მაჩვენებელი იკლებს.

“ჩვენ აგვისტოში გვქონდა საშუალოდ 23 000-ზე მეტი, სექტემბერში იყო 19 000. ბოლო 1 თვის გვაქვს 16 000 და ბოლო კვირის გვაქვს 8 000-მდე, რაც, რა თქმა უნდა, ცუდია.

ამ პანდემიის შეკავების ერთ-ერთი მთავარი გზა, მოგეხსენებათ, გადის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ ჩვენ გვინდა, შევაკავოთ პანდემია, აუცილებელია, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებლებზე, რაც გვაქვს”, — დასძინა ამირან გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი