კორონავირუსის დიაგნოსტირების სწრაფი ტესტები ომიკრონის შემთხვევებსაც იჭერს. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ვინაიდან ომიკრონი კორონავირუსის შტამია, ანტიგენის სწრაფ ტესტს ვირუსის ამ ვარიანტით ინფიცირების გამოვლენაც შეუძლია. NCDC-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ ამგვარი ტესტირებისას შეუძლებელია გარჩევა, თუ ვირუსის რომელი შტამითაა პაციენტი ინფიცირებული, თუმცა ამისთვის სპეციალიზებული PCR ტესტებია ქვეყანაში შემოტანილი, რომელსაც ომიკრონის შტამზე საეჭვო შემთხვევებისას გამოიყენებენ.
ამასთან, იმის განსასაზღვრად, თუ ვირუსის რომელი შტამითაა პაციენტი ინფიცირებული, ლუგარის ლაბორატორიაში გენომის სეკვენირებას ახდენენ:
„ანტიგენის ტესტი გეუბნებათ, არის თუ არა კოვიდი. თუ ადამიანს აქვს სიმპტომებით მიმდინარე კოვიდი, ანტიგენი დაიჭერს მას, მაგრამ არის თუ არა ომიკრონი ან სხვა შტამი, ამას სჭირდება შემდგომ PCR ტესტი. ამდენი სენსიტიური პისიარები არ არსებობს, ამიტომ სპეციფიკურ PCR ტესტებს, რომელიც შტამსაც ადგენს, მხოლოდ საეჭვო შემთხვევებზე გამოვიყენებთ. საბოლოო დიაგნოზი მაინც სეკვენირებით დგება ხოლმე“, – ამბობს ამირან გამყრელიძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.
ომიკრონი საქართველოშია — რა ვიცით კორონავირუსის ახალ შტამზე?