ახალი ამბები

მნიშვნელოვანია,არ შეიზღუდოს აქციის მონაწილთა მანიფესტაციის თავისუფლება – ომბუდსმენი სვანეთზე

26 ივლისი, 2018 • 1278
მნიშვნელოვანია,არ შეიზღუდოს აქციის მონაწილთა მანიფესტაციის თავისუფლება – ომბუდსმენი სვანეთზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სვანეთში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ის გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  იმერეთის, აჭარის, კახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახორციელებს ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.

“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. ასევე, მოვუწოდებთ შეკრებილებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით,” – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, ასევე, ესწრებოდა ხელისუფლების წარმომადგნელებსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკებების პროცესს და მონიტორინგს გაუწევს საპროტესტო აქციას მის დასრულებამდე.  საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეთათვის მუდმივ რეჟიმში ხელმისაწვდომია სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 598 08 30 06.

  • დღეს, 26 ივლისს, ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიცია შევიდა, რასაც მოსახლეობასთან დაპირისპირება მოჰყვა. საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება.
  • დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ უსაფრთხოების მიზნით შეიყვანეს დამატებით პოლიციის ჯგუფები ორ სოფელში, თუმცა არავინ დაუკავებიათ.
  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ღონისძიება ჭუბერსა და ხაიშში ხე-ტყის უკანაონო მოპოვებასთან დაკავშირებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა მათ კვლავ არ აძლევს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების საშუალებას. საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჭუბურისა და ხაიშის მოსახლეობამ მათი თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რის გამოც სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
  • ადგილობრივები საზოგადოებას, ხელისუფლებას, სახალხო დამცველს და დიპკორპუსს მოუწოდებენ, დაიცვან სვანეთი განუკითხაობისგან: “მოგვეცით ალტერნატიული განვითარების საშუალება ან დაგვცოხეთ და ამით დასრულდება ყველაფერი! დაგვაყენეთ საშველი, სანამ მთელი სვანეთი არ გამსკდარა დენთის კასრივით!
  • ომბუდსმენის აპარატში განგვიცხადეს, რომ ბოლო პერიოდში სვანეთსა და რაჭაში მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა ჰესების მშენებლობას, ხოლო დღევანდელი სპეცრაზმის გამოჩენა მოსახლეობამ პროტესტის ჩახშობის მცდელობად მიიღო.
  • პოლიციელის მიერ გადატენილი იარაღის ადგილობრივისთვის შუბლზე მიბჯენის შესაძლო ფაქტზე გენისპექციას მოკვლევა არ დაუწყია, რადგან ოფიციალურად არავის განუცხადებია ეს.
  • პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. პრემიერის მრჩეველი კი ამბობს, რომ რბილი მიდგომა აქვთ სვანეთში ხე-ტყის მოპოვებაზე, რადგან ალტერნატიული წყარო მოსახლეობას არ გააჩნია.
  • მწვანე ალტერნატივა სვანეთში ჩატარებული ოპერაციის მასშტაბებს არაპროპორციულად მიიჩნევს. ორგანიზაცია გაუგებრად მიიჩნევს, რატომ შევიდა რაიონში ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მაშინ, როცა ადამიანები საქართველოს სხვა ნაწილებში დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი