ახალი ამბები

უსუფაშვილი სხვისი პულტის გამოყენებაზე: მრცხვენია ამის გამო

19 თებერვალი, 2014 • • 941
უსუფაშვილი სხვისი პულტის გამოყენებაზე: მრცხვენია ამის გამო

დავით უსუფაშვილმა სხდომის დასრულებისას აღნიშნულ საკითხს შეეხო და შესაბამის სამსახურს დაავალა გაარკვიონ, იმოქმედა თუ არა აღნიშნული დეპუტატების პულტის გამოყენებამ რომელიმე კანონპროექტის მიღებაზე:

 

“მე ვთხოვ შესაბამის სამსახურს, კენჭისყრის უზრუნველყოფის სამსახურს, დღეს ჩატარებული კენჭისყრები გავაანალიზოთ, და თუ რომელიმე კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილების მიღება განპირობებულია, უზრუნველყოფილია, პარლამენტის რომელიმე ამ წევრის ხმით, ძალიან გთხოვთ, ხვალ მომახსენოთ 12 საათამდე, რომ მერე მე პარლამენტს მოვახსენო ამის თაობაზე. “

 

უსუფაშვილმა მანდატურის სამსახურს მოუწოდა, სხდომების წინ გაარკვიონ, დარჩა თუ არა რომელიმე დეპუტატს ბარათი სხდომათა დარბაზში:

 

მანდატურის სამსახურს, რომელზეც ხშირად არასწორად ტყდება ხოლმე ჯოხი და არა მარტო ჯოხი, დიდი მადლობა შესრულებული საქმისთვის და საკმაოდ რთული საქმისთვის, მაგრამ, მე მგონი, ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველი კენჭისყრის წინ თქვენი ვალდებულებაა დარბაზში ჩამოვლა იმის შესამჩნევად, ხომ არ დარჩა ვინმეს თავისი ბარათი და თავად არ იმყოფება დარბაზში. როგორც ჩანს, ეს ვერ სრულდება, ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ეს შევასრულოთ.

 

სპიკერმა დეპუტატებს მიმართა, რომ დღესვე დასრულდეს ეს პრაქტიკა და აღნიშნა, რომ რცხვენია ამის გამო:

 

“მე პრიადად მრცხვენია ამ ამბის გამო და მგონი ყველას რაღაც დისკომფორტი უნდა გვქონდეს. გთავაზობთ, დავასრულოთ ეს ამბავი და მოვრჩეთ ამითი. იმედი მაქვს, რომ დღეს ეს დასრულდება, ვისაც არ უნდა ეხებოდეს და როგორც არ უნდა ეხებოდეს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი