აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეებისთვის “დამოკიდებულ პირთა სია” შეიქმნება და 3 წლის ვადით აზარტულ თამაშებში, მათ შორის ელექტრონულად, მონაწილეობა აეკრძალებათ – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტშია საუბარი.
“დამოკიდებულ პირთა სია” სახელმწიფო უწყებამ – შემოსავლების სამსახურმა უნდა აწარმოოს.
კანონპროექტი თამაშზე დამოკიდებულ პირს შემდეგნაირად განმარტავს: ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე ან/და რომელიც შეტანილია “დამოკიდებულ პირთა სიაში” მიუხედავად მისი შედეგისა.
დამოკიდებულ პირთა სია კი ასეა განსაზღვრული – აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა, რომელშიც პირის მონაცემების შეტანა ხდება სასამართლოს ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე.
როგორ შიძლება მოხვდეს ადამიანი დამოკიდებულ პირთა სიაში?
კანონპროექტით, “დამოკიდებულ პირთა სიას” შემოსავლების სამსახური აწარმოებს და ამ სიაში მხოლოდ საქართველოს მოქალაქის მონაცემების შეტანა არის დასაშვები.
კანონპროექტი “დამოკიდებულთა სიაში” პირის მონაცემების შეტანის ორ გზას ადგენს:
“ა) თავად დამოკიდებული პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში “დამოკიდებულ პირთა სიაში” მისი მონაცემების შეტანის თაობაზე;
ბ) სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.”
კონკრეტული პირი დამოკიდებულ პირთა სიაში 3 წლის ვადით იქნება შეყვანილი, სიიდან მისი ვადაზე ადრე ამორიცხვა კი სასამართლოს გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი.
კანონპროექტით, აკრძალული იქნება “დამოკიდებულ პირთა სიაში” შეყვანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება.
როგორ შეიტანენ ადამიანის მონაცემებს დამოკიდებულთა სიაში სასამართლოს გზით?
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ოჯახის წევრს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს “დამოკიდებულ პირთა სიაში” დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით. ამ განცხადებას მაგისტრატი ან რაიონული/საქალაქო სასამართლოს მოსამართლე განიხილავს.
წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავისი ოჯახის წევრის “დამოკიდებულ პირთა სიაში” ჩასმის მოთხოვნას. ასევე, მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებიც განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს დაადასტურებენ. მტკიცების ტვირთი განმცხადებელს ეკისრება, დამოკიდებულთა სიაში შესატან პირს კი უფლება აქვს, რომ წერილობით წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოსაზრებები და მტკიცებულებები.
როგორც კანონპროექტშია მითითებული, განცხადების განხილვის დროს მოსამართლე ხელმძღვანელობს საქმის ინდივიდუალური გარემოებებით, მათ შორის ითვალისწინებს: “დამოკიდებული პირის დამოკიდებულების სიმძიმეს; ოჯახის წევრისთვის მიყენებულ მატერიალურ ზიანს”.
პირველი ინსტაციის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში არის შესაძლებელი, სააპელაციოს გადაწყვეტილება კი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ჯარიმა სიაში შეტანილი პირების აზარტულ თამაშებზე დაშვებისთვის
წარმოდგენილი კანონპროექტით, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც და “დამოკიდებულ პირთა სიაში” შეყვანილი პირების აზარტულ თამაშებზე დაშვება დასჯადი ქმედება ხდება.
კერძოდ, დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილას, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს თამაშობის ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორებით კი – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით
როგორც განმარტებით ბარათში არის ნათქვამი, ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის “დამოკიდებულ პირთა სიაში”.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ინიციატივას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.