პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოსთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეც არის, არ პასუხობს კითხვას საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ.
“არაფერს ვადასტურებ და საერთოდ, საარჩევნო თემატიკაზე არ ვიძლევი ინტერვიუებს,” -უთხრა ნეტგაზეთს სალომე ზურაბიშვილმა. ნეტგაზეთმა მას ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების შესახებ.
კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავება ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს არ შეუძლიათ.
კონსტიტუციის 29-ე მუხლში წერია, რომ ამ სამი თანამდებობის დასაკავებლად პირმა უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვას.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი გამოჩნდება, მისი პოზიციაა, რომ “ოცნებამ” მას დაუჭიროს მხარი, ხოლო თუ ასეთს ვერ მონახავენ, მაშინ ოპოზიციის კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი.
დღეს, 25 ივლისს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მმართველ პარტიას საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს. როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, პარტიაში დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერის საკითხიც განიხილება.
“ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კანდიდატი. ალბათ, შემიძლია დავასახელო მინიმუმ 10-მდე კანდიდატი, რომელიც უალტერნატივო იქნება ამ ბრძოლაში და სწორედ ამიტომ წარმოიშვა აზრი და ამ აზრის ერთ-ერთი ავტორი ბატონი ბიძინა გახლავთ, რომ ხომ არ ჯობია ამ უალტენატივო კანდიდატს და პირველივე ტურში უალტერნატივო გამარჯვებას, საერთოდ არ ჩავერიოთ ან დავუჭიროთ მხარი რომელიმე დამოუკიდებელ დეპუტატს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.
საქართველოს პარლამენტში ამჟამად მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია სალომე ზურაბიშვილის სახით.
სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი. სალომე ზურაბიშვილი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მმართველ პარტიასთან ამ საკითხზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
“როცა განცხადება მექნება გასაკეთებელი, განცხადებას გავაკეთებ. ის, რისი თქმაც მე მინდა, გეტყვით იმ დღეს, როცა მე ამას გადავწყვეტ. მაქვს ბრიფინგების გამოცდილება და ბრიფინგს [გავმართავ]”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.