“არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს”, – ასე პასუხობს სალომე ზურაბიშვილი კითხვას: მიმდინარეობს თუ არა მოლაპარკაებები მასსა და მმართველ გუნდს შორის საპრეზიდენტო არჩევნების საკითხზე. IPN-ის მიერ გავრცელებული ცნობით, “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი.
“როცა განცხადება მექნება გასაკეთებელი, განცხადებას გავაკეთებ. ის, რისი თქმაც მე მინდა, გეტყვით იმ დღეს, როცა მე ამას გადავწყვეტ. მაქვს ბრიფინგების გამოცდილება და ბრიფინგს [გავმართავ]”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიანიშნებს, რომ შესაძლოა მან მართლაც იყაროს კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მის კომენტარს ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.
“ქალბატონ სალომეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მე პირადად ჩემს პოზიციას მას შემდეგ გამოვხატავ, რაც უმრავლესობისთვის წარმოდგენილი კანდიდატის ხედვას მოვისმენ”, – ამბობს აკაკი ზოიძე.
“გუნდში ჯერ საპრეზიდენტო კანდიდატზე მსჯელობა არ ყოფილა. ვერაფერს გამოვრიცხავ”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.