ახალი ამბები

მესტიაში სამი ახალი ჰესი აშენდება

17 თებერვალი, 2014 •
მესტიაში სამი ახალი ჰესი აშენდება

ჰიდროელექტროსადდგურები მდინარეებზე – კასლეთი და  დარჩი-ორმელეთი აშენდება.

 

„კასლეთი ჰესი 2“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტი იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება  –  45,8 მლნ კვტ.საათი. ჰესის მშენებლობა 2015 წლის ივლისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2017 წლის დეკემბერში შევა.

 

„კასლეთი ჰესი 1“-ის დადგმული სიმძლავრე 8,1 მგვტი იქნება, სავარაუდო წლიური გამომუშავება  –  46,4 მლნ კვტ.საათი. ჰესის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბერში შევა.

 

„დარჩი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 16,9 მგვტს შეადგენს, სავარაუდო წლიური გამომუშავება  –  93,6 მლნ კვტ.საათს. ჰესის მშენებლობა 2018 წლის ივლისში დაიწყება და ექსპლუატაციაში 2020 წლის დეკემბერში შევა.

 

ჰესებს კომპანია “ჰიდროლეა“ ააშენებს, რომელმაც სამივე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე დაასრულა. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მლნ აშშ დოლარია.

 

შესაბამისი ხელშეკრულებას ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს გააფორმებს კომპანია „ჰიდროლეას“ მმართველ პარტნიორ რადოსლავ დუდოლენსკისთან. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მიერ ზამთრის თვეების გამომუშავება მთლიანად საშინაო ბაზარს მოხმარდება.

 

დღეისათვის კომპანია „ჰიდროლეა“ ახმეტის რაიონში 9,2 მგვტ სიმძლავრის „ახმეტაჰესის“ მშენებლობას ახორციელებს. ენერგეტიკის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, კომპანიამ ჰესის მშენებლობა 2013 წლის ივლისის თვეში დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე თვის ბოლოს გაუშვებს.

 

გარდა ამისა, კომპანია აწარმოებს „ფშაველაჰესისა“ (1,9 მგვტ) და „დებედაჰესის“ (2,5 მგვტ) მშენებლობისათვის აუცილებელ მოსამზადებელ სამუშაოებს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2015 წლის დასაწყისში დასრულდება.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, კომპანია „ჰიდროლეას“ მიერ საქართველოს ენერგეტიკაში განხორციელებულმა ინვესტიციამ 12 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

კომპანია “ჰიდროლეას” 100%-იანი წილის მფლობელია ბულგარეთში რეგისტრირებული შპს “ქროსქანთრი კაპიტალ ი.ეი.დი”. დუდოლენსკი კი წლების მანძილზე იკავებდა საქართველოში სს “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის პოსტს. მან ეს თანამდებობა 2013 წლის მაისში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი