ახალი ამბები

რატომ ვერ გადაარჩინა სამაშველო სამსახურმა თეთნულდზე ჩარჩენილი მთამსვლელი

23 ივლისი, 2018 • 3421
რატომ ვერ გადაარჩინა სამაშველო სამსახურმა თეთნულდზე ჩარჩენილი მთამსვლელი

უკრაინელი მთამსვლელი, რომელიც 19 ივლისს სხვა მთამსვლელთან ერთად თეთნულდზე დაიკარგა, გარდაცვლილია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. უწყება განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა, თუმცა სამაშველო სამსახურის მუშაობით უკმაყოფილოა გარდაცვლილის ცოლი.

მთამსვლელი, რომელიც დაღუპულ მთასვლელთან ერთად იყო მთაში ჩარჩენილი, “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ როცა ამოიყვანეს, მაშველებს უთხრა, რომ მასთან ერთად მყოფი ცოცხალი იყო.

“ჩემს მეწყვილეს ვხედავდი, თუმცა მასთან ვერ მივდიოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ცუდ მდგომარეობაში იყო. სიარული არ შეეძლო. მოგვიანებით მასთან მისვლა შევძელი. ერთად ვიყავით და ველოდებოდით, როდის მოვიდოდნენ დასახმარებლად. საღამოს ამინდი შეიცვალა. იწვიმა, ვესაუბრებოდი, თუმცა ბევრ შეკითხვაზე არ მპასუხობდა, რადგან მძიმედ იყო დაშავებული. ასე ვიყავით ნახევარი დღე. საღამოს, როდესაც ვერტმფრენი მოვიდა, თოკზე მაშველი ჩამოცოცდა. მკითხეს, ცოცხალი თუ იყო მეორე პიროვნება, რაზე ვუთხარი, რომ ის ცოცხალი იყო. მითხრეს, მე დამტოვებდნენ და მის წასაყვანად მერე მოვიდოდნენ,” – ამბობს გადარჩენილი მთამსვლელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ, რომ როდესაც მთამსვლელი ამოიყვანეს, მან უთხრა, რომ მასთან ერთად მყოფი ცოცხალი იყო. უწყების ცნობით, გადარჩენილმა მთასვლელმა მათ ასევე შეატყობინა, რომ რამდენიმე საათი იყო, რაც მასთან აღარ უსაუბრია.

სამაშველო სამსახურის მუშაობით  უკმაყოფილოა უკრაინელი მთასვლელის ცოლი ტატიანა ალექსანდროვა. “გუშინდელ დღემდე ველოდებოდი, რომ ვერტმფრენი მოფრინდებოდა და ამოიყვანდა ცოცხალს თუ მკვდარს. მაგრამ ასე არ მოხდა. პირველივე დღიდან პოლიცია გვეუბნებოდა, არ ინერვიულოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთო, მაგრამ ფაქტი სხვანაირია. ეთქვათ, რომ არ შეეძლოთ, იქნებ ფეხით მივსულიყავით იქამდე”,- ამბობს ტატიანა ალექსანდროვა. მისი კომენტარის თარგმანს “რუსთავი 2” ავრცელებს.

კითხვაზე, რატომ მოხდა მხოლოდ ერთი მთასვლელის გამოყვანა და ვერ მოახერხა უწყებამ მეორე მთასვლელის გადარჩენა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამის მიზეზად ამინდს და რთულ რელიეფს ასახელებენ.

“როდესაც ერთი მთასვლელის ამოყვანა მოხდა, მაშველებმა იქვე დააფიქსირეს, რომ ერთი ადამიანი გარდაცვლილი იყო. როდესაც დაღუპულის ამოყვანის სამუშაოები უნა დაწყებულიყო, ვერტმფრენის პილოტმა განაცხდა, რომ ამინდი ამის საშუალებას არ იძლეოდა და იქ ვერტმფრენი ვერ გაჩერდებოდა. წვიმისა და ქარის გამო შესაძლო იყო, რომ  ვერტმფრენი უკან ვეღარ დაბრუნებულიყო და ჩამოვარდნილიყო. აქედან გამომდინარე, მიიღეს ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება. ცხედარი ზღვის დონიდან 4200 მეტრზეა, ნისლი კი დაახლოებით 3 ათასი მეტრიდან იწყება. ვერტმფრენი 3 ათას მეტრზე მაღლა ვეღარ აფრინდება, რადგან ზემოთ სულ ნისლია”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში განმარტავენ, რომ მაშველებმა 19 ივლისს, ვერტმფრენიდან დათვალიერებით დაადგინეს, რომ მყინავრზე ჩარჩენილი დაშავებული მთამსვლელი გარდაცვლილი იყო.

თეთნულდზე ჩარჩენილი უკრაინელი მთასვლელის ცოლი ტატიანა ალექსანდროვა აცხადებს, რომ ვერტმფრენის ქირაობა შესთავაზეს, რომლითაც მის ქმარს ამოიყვენდნენ. ტატიანა ალექსანდროვას თქმით, ვერტმფრენის ქირაში ოჯახს 8 ათასი ევრო უნდა გადაეხადა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ოჯახისთვის ვერტმფრენის ქირაობა არ შეუთავაზებიათ და მსგავს შემთხვევებში დაზარალებულისთვის დახმარების გაწევას უწყება ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე ახორციელებს. უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, რომ დაზარალებული ტურისტებისთვის მომსახურეობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ თანხას, თუ ტურისტს სამოგზაურო დაზღვევა აქვს. ამ შემთხვევაში კი სადაზღვევო კომპანია ფარავს მსგავს ხარჯებს. თუ ტურისტს მსგავსი დაზღვევა არ აქვს, მაშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფარავს გაწეულ ხარჯს. უწყებაში განმარტავენ, რომ ბაზარზე არის რამდენიმე კერძო კომპანია, რომლებიც სამაშველო ოპერაციებისთვის მომხმარებელს ვერტმფრენის სთავაზოენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 19 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ტურისტთა 8-კაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე​ იმყოფებოდა, როდესაც 2 ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა. უწყების ინფორმაციით, ორი დაკარგული ტურისტი 19 ივლისს იპოვეს. მათგან ერთი შედარებით მაღალ რელიეფზე იმყოფებოდა და მაშველებმა ის იმავე დღეს ამოიყვანეს. მას შემდეგ, რაც ერთი მთასვლელი ამოიყვანეს, საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენმა ტერიტორია დატოვა და მეორე მთასვლელის ამოსაყვანად, რომელიც მათივე ინფორმაციით, უფრო ღრმა ადგილზე იყო, უკან დაბრუნდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ თეთნულდზე უკრაინელი გარდაცვლილი ტურისტის ცხედრის გამოსატანად სამაშველო სამუშაოებს ხვალ, 24 ივლისს დილიდან განახლდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი