მადრიდის რეალის ოფიციალური ფან-კლუბის წევრი, გევორგ ლორეციანი ამბობს, რომ გულშემატკივრების ინიციატივით შექმნილი ჯგუფების შესახებ არაფერი იცოდა და სალაროებთან მისვლა პრესბარათით მოახერხა:
“შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი აქ და მეყიდა სუპერთასის მატჩის ბილეთი, რომელშიც ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მე რიგს ვიკავებდი სამი დღე. არ ვიცოდი, სიაში თუ უნდა ჩავწერილიყავი იმისათვის, რომ სალაროებთან მივსულიყავი. მას მერე, რაც პოლიციელს ვაჩვენე ჩემი პრესბარათი, მან აქ შემოსვლის ნება დამრთო. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ვფიქრობ, რომ კიდევ ვეწვევი თბილისს. რაული არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი. ეს არის სპეციალური მაისური, რომელიც რაულის საპატივსაცემოდ გამართული მატჩიდან მაქვს. ეს შეხვედრა 2013 წლის 22 აგვისტოს ჩატარდა. ეს არის განსაკუთრებული საჩუქარი ჩემთვის.”
მადრიდის რეალის გულშემატკივარი სამი დღის წინ ერევნიდან ჩამოვიდა იმის გამო, რომ ბარსა-სევილიას თამაშს დაესწროს.
Posted by Giorgi Diasamidze on Monday, July 13, 2015
ფეხბურთის გულშემატკივრები ვაკის პარკში ორი დღით ადრე უკვე იკრიბებოდნენ. მიხეილ მესხის სახელობის სტაიონის სალაროების გახსნამდე ერთი დღით ადრე მათ საკუთარი ინიციატივით სიების შედგენა დაიწყეს. მათი თქმით, ეს ყველაზე კარგი ფორმა იქნებოდა ბილეთების რაოდენობის გაკონტროლების. ქომაგებმა 110 ჯგუფი გააკეთეს. თითო ჯგუფში 50 ადამიანი ეწერებოდა. ბილეთების გაყიდვამდე რამდენიმე საათით ადრე სიები შეივსო, თუმცა ბილეთების შეძენა მხოლოდ 80-მა ჯგუფმა შეძლო. ყველა ადამიანს, დაწესებული ლიმიტის შესაბამისად, 4 ბილეთი რომ შეეძინა, 6000 ბილეთი კიდევ უნდა დარჩენილიყო. ქომაგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ბილეთები შსს-ს და ფედერაციის თანამშრომლებმა დაარიგეს.
ფეხბურთის ფედერაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ასეთი ფაქტი იქ არ მომხდარა.
“სამუშაო ადგილას არავის ჰქონდა ბილეთების შეძენის უფლება, მათ შორის, არც მე და არც ერთ ჩემს თანამშრომელს, რომლებიც იმ წუთას იქ ვმუშაობდით,” – ამბობს gff-ს პრესამსახურის წარმომადგენელი, ეკა ელოშვილი.
კითხვაზე, რატომ ვერ შეძლო 80 ჯგუფზე მეტმა ბილეთების შეძენა, ელოშვილი გვპასუხობს:
“ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია იწყებოდა სალაროს ტურნიკეტებიდან. ანუ, სტადიონის შემოსასვლელიდან, სადაც იყო დამონტაჟებული ტურნიკეტები, საიდანაც სტიუარდები ატარებდნენ ხალხს. ჩვენი არც ერთი წარმომადგენელი აღარ ყოფილა ვაკის პარკში მას შემდეგ, რაც შსს-მ თქვა, რომ აქ ჩვენი კონტროლის ზონაა და ჩვენ დავამყარებთ წესრიგსო. არც ერთი ჩვენი სტიუარდი იქ არ ყოფილა. ჩვენი კონტროლირებადი ზონა იწყებოდა სტადიონის შესასვლელთან, ტურნიკეტებთან. ასე რომ, ვერც მე და ვერც ვერავინ გეტყვით, ქვევიდან რა რიგები მოდიოდა, რამდენი მოდიოდა… საკმაოდ ორგანიზებული ჯგუფები იყო იმიტომ, რომ წამოვიდოდა ერთი ნაკადი, იყო ორწუთიანი პაუზა და ვაკის პარკიდან საკმაოდ ორგანიზებულად მოდიოდნენ. 22 089 ბილეთი გაყიდულია ყველა იმ მოქალაქეზე, რომლებიც ამოდიოდნენ ვაკის პარკიდან და ყიდულობდნენ.”
11 აგვისტოს დინამო არენაზე, სუპერთასის მატჩში ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “ბარსელონა” და ევროპის ლიგის თასის მფლობელი “სევილია” დაუპირისპირდებიან.
თავდაპირველად, სუპერთასის ბილეთები biletebi.ge-ის უნდა გაეყიდა, თუმცა ხარვეზების გამო გულშემატკივრებმა ბილეთების ონლაინ შეძენა ვერ შეძლეს.