ახალი ამბები

ლორა სმიტის სხეულიდან ამოღებულია კობაურის გენეტიკური პროფილი – რ2, იმედი

21 ივლისი, 2018 • 22309
ლორა სმიტის სხეულიდან ამოღებულია კობაურის გენეტიკური პროფილი – რ2, იმედი

ტელეკომპანიების, რ2-ისა და იმედის ინფორმაციით, მათ კონფიდენციალური წყაროსგან  მოიპოვეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმითის სხეულიდან ამოღებულია ბრალდებული მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რომელიც სავარაუდოდ სექსუალური ხასიათის ქმედებაზე მიანიშნებს.

როგორც ცნობილია, გამოძიება ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს.

იმედის ცნობით, ეს არ არის საბოლოო დასკვნა, “უახლოეს მომავალში მზად იქნება კომპლექსური დასკვნის შედეგები და გამოძიება დამატებით დეტალებს შეიტყობს”.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა მალხაზ კობაურის ადვოკატს დავით გირგვლიანს და ჰკითხა, გაეცნო თუ არა ზემოხსენებულ დასკვნას და რა კომენტარს გააკეთებს ამის შესახებ. ადვოკატი ამ ეტაპზე განცხადებისაგან თავს იკავებს. ადვოკატის თქმით, იგი “ნაჩქარევად და ნაადრევად კომენტარს ვერ გააკეთებს”. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ხვალ პრესკონფერენცია გამართოს და დაცვის მხარის სამარ თლებრივი პოზიცია იქ დააფიქსიროს. აღსანიშნავია, რომ ადვოკატი წინა დღეებში გავრცელებულ განცხადებებში მისი დაცვის ქევშ მყოფის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტს უარყოფს.

განახლება 

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა

2018 წლის 6 ივლისს 112–ში შევიდა შეტყობინება ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების მიხედვით, ვერ ხერხდებოდა დაკავშირება რაიან და ლორა სმიტებთან, რომლებიც ხადის ხეობაში შვილთან ერთად იმყოფებოდნენ.

6 ივლისს პოლიციელებმა ჩანჩქერთან მიაგნეს ლორა სმიტის ცხედარს, მეორე დღეს კი აღმოაჩინეს რაიან სმიტის ცხედარიც. ამავე დღეს, შსს-ს ცნობით, დაკავებულის მალხაზ კობაურის მითითებით, პოლიციამ 4 წლის ბავშვის ცხედარსაც მიაგნო, რომელიც დამარხული იყო.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით იყო დაწყებული, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა, ხოლო ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებს. ის ამბობს, რომ სმიტები მკვლელობა ორმა მისთვის უცხო პირმა ჩაიდინა.

რაიან და ლორა სმიტები საქართველოში 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდნენ. მათ საქართველოს მოქალაქეობა 2012 წელს მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი