ახალი ამბები

პანკისში ჰესების მშენებლობის შეჩერებასა და მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვენ

20 ივლისი, 2018 • 1605
პანკისში ჰესების მშენებლობის შეჩერებასა და მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვენ

პანკისის ხეობის მოსახლეობა სოფელ დუისში საპრეოტესტო აქციას მართავს. შეკრებილები ხეობაში ჰესების, მათ შორის “ხადორი 3”-ის მშენებლობასა და პოლიციის ბოლოდროინდელ ქმედებებს აპროტესტებენ. აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებაა.

ორგანიზატორთა განცხადებით, ბოლო კვირების მანძილზე პოლიციაში იბარებენ ადამიანებს, რომლებიც ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. როგორც ერთ-ერთი მათგანი პანკისის სათემო რადიო WAY-ს უყვება, პოლიცია ადამიანებს ეუბნება, რომ ინვესტორს ყველა დოკუმენტი აქვს და მშენებლობაში ხელი არ უნდა შეუშალონ. მისი თქმით, პოლიციელები ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებათ.

აქციის დაწყებამდე მოსახლეობას ჰესების მშენებლობის საკითხზე სასაუბროდ შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძეც.

რადიო WAY-ის ცნობით, “ხადორი 3” სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში შენდება. ჰესის მშენებლობის დასრულებას კომპანია „ალაზანი ენერჯი“ 2019 წლის დეკემბრამდე გეგმავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში, ბირკიანიდან ხადორამდე მდინარე ალაზანი მილსადენში მოექცევა, რის შემდეგაც მდინარის კალაპოტში წყალი თითქმის აღარ დარჩება. გასულ კვირას მათ ბირკიანში სამშენებლო სამუშაოების შეჩერება შეძლეს.

საპასუხოდ,  ჰესის მშენებელი კომპანიის, “ალაზანი ენერჯის” ხელმძღვანელმა პანკისის სათემო რადიოს განუცხადა, რომ მშენებლობა სახელმწიფოსგან აქვს დავალებული და სამუშაოები კანონიერია.

დღევანდელი აქციის მოთხოვნა ჰესებთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დროული გამოძიებაცაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი