ჩაძირული ფეთქებადი ნივთიერებების რაიონი ესაა ზღვის აკვატორიის რაიონი, სადაც ჩაძირულია სხვადასხვა ფეთქებადი ნივთიერება (ამ ადგილებს ნაღმების „ნაგავსაყრელად“ საჭოთა პერიოდში იყენებდნენ). აღნიშნულ რაიონებში გემებისთვის აკრძალულია ღუზაზე დგომა, თევზჭერის წარმოება ფსკერული თევზჭერის აღჭურვილობით, აგრეთვე, ზღვის ფსკერზე სხვა სახის სამუშაოების შესრულება. ნაოსნობა ამ რაიონებში უნდა განხორციელდეს „მაქსიმალური სიფრთხილითა და გონიერებით“.
ნაოსნობის უსაფრთხოებისთვის, ფაქტობრივად, იგივე შეზღუდვებია დაწესებული ყოფილ ნაღმსაშიშ რაიონებშიც – ზღვის ფსკერზე ნაღმებისა და სხვა ფეთქებადი ნივთიერებების შესაძლო არსებობის გამო. ეს არის ზღვის აკვატორია, სადაც არსებობდა ნაღმის ველები და შემდეგ წარმოებდა ტრალვა (სპეციალური მოწყობილობით წყალქვეშა ნაღმების აღმოჩენა-მოსპობა).
საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში გემებისთვის სპეციალური საზღვაო რაიონები საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის იანვრის დადგენილებით განისაზღვრა. მანამდე ანალოგიური რაიონები საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის ივნისის ბრძანებულებით იყო განსაზღვრული. აღნიშნული რაიონების საზღვრები, ფაქტობრივად, ემთხვეოდა იმ მონაცემებს, რომლებიც დატანილია საბჭოთა კავშირის დროს, 1986 წელს დაბეჭდილ შესაბამის საზღვაო რუკაზე.
პრეზიდენტის 2007 წლის ბრძანებულებით, ჩაძირული ფეთქებადი ნივთიერებების რაიონები იყო ფოთის ნავსადგურის ზღვისკენ დასავლეთით (ერთი გაცილებით ახლოს, მეორე უფრო მოშორებით ნავსადგურიდან) და ბათუმის ნავსადგურთან. პრემიერ-მინისტრის 2014 წლის დადგენილებით, ჩაძირული ფეთქებადი ნივთიერებების რაიონი დარჩენილია მხოლოდ ბათუმის მიმდებარედ (ნავსადგურიდან რამდენიმე კილომეტრში, ჩრდილო-დასავლეთით ზღვისკენ).
ამავე დადგენილებით ნაოსნობისთვის უსაფრთხოდ აღარ ითვლება ყოფილი ნაღმსაშიში რაიონები: ანაკლიის კონცხი დასავლეთით და ფოთის ნავსადგურის მისასვლელი ჩრდილოეთით (გამონაკლისი თავიდანვე იყო ფოთის ნავსადგურის აკვატორია). ყოფილ ნაღმსაშიშ რაიონებად რჩება: ბიჭვინთის კონცხი სამხრეთ-აღმოსავლეთით, მწვანე კონცხის მისასვლელი ბათუმის ნავსადგურთან და ბათუმის ნავსადგურის მისასვლელი.

რაც შეეხება ნაოსნობისათვის აკრძალულ საზღვაო რაიონებს, ესაა ტერიტორიული ზღვისა და შიდა წყლების აკვატორია, რომელშიც სხვადასხვა მიზეზის გამო აკრძალულია გემებისა და სხვა მცურავი საშუალებების ნაოსნობა, გაჩერება, ღუზაზე დგომა, თევზჭერა და სხვ. ასეთად დარჩენილია მხოლოდ ფსოუ (21-ე რაიონი), ფოთი და სარფი ( 22-ე და 23-ე რაიონები) კი სიიდან ამოღებულია.
განსაზღვრულია ნაოსნობისათვის დროებით აკრძალული საზღვაო რაიონებიც, ანუ ტერიტორიული ზღვის, შიდა წყლების და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ცალკეულ რაიონებად გამოყოფილი აკვატორია, რომლებშიც გარკვეული ვადით, გარკვეული მიზნებისათვის ან ღონისძიებების განსახორციელებლად დროებით იკრძალება ნაოსნობა.
დროებით აკრძალული საზღვაო რაიონები იყო მალთაყვა, სუფსა და ბურუნ-ტაბია. ახალი დადგენილებით ნაოსნობისთვის დროებით დახურულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი – „საქართველოს სუვერენიტეტისა და უშიშროების დაცვის“ მიზნით. ესეც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის შესაბამისი ბრძანებულების საფუძველზე.
საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია საზღვაო ნავსადგურებია: ბათუმის, სუფსის, ფოთისა და ყულევის. რაც შეეხება აფხაზეთის მონაკვეთს. სოხუმის ნავსადგურში შესვლა ნებადართულია ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული გემებისათვის „საქართველოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვის საფუძველზე, დადგენილი წესით“. სოხუმის ნავსადგურში შესვლამდე და ნავსადგურის დატოვების შემდეგ ჰუმანიტარული დანიშნულების გემების შემოწმება (სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი) კი ხორციელდება „ფოთის ნავსადგურის გარე რეიდის ღუზაზე დგომის რაიონებში“.







