ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააკეთა სამინისტროში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ. კალაძე სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს და მესტიის მაჟორიტარ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შეხვდა ხუდონჰესთან დაკავშირებით.
კალაძის თქმით, ის უახლოეს დღეებში ხაიშის მაცხოვრებლებს შეხვდება.
“ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობა ხაიშში ყველას კარგად ესმის. ისინი მზად არიან დიალოგისთვის. ცოტა ხნით გადაიდება აზომვის პროცესი, იქამდე იქნება დიალოგი. 6 თებერვლის შეხვედრაც ხაიშში, შესაბამისად, გადაიდება,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც კალაძე აცხადებს, წინა ხელისუფლების დროს ხაიშის მოსახლეობისთვის ჩამორთმეული მიწების რეგისტრაციის მიზნით ხუდონ-ჰესის ინვესტორმა კომპანიამ, მთავრობის რეკომენდაციით დაიქირავა საერთაშორისო კომპანია „რე ფლანი“, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილმა, კალაძის განმარტებით პრობლემები შეუქმნა და პროტესტი გამოხატა.
კალაძის თქმით, იმისთვის რომ თავიდან აცილებული იყოს რაიმე სახის ექსცესი და ზოგადად სიტუაციის შემდგომი გართულება, სვანეთის წარმომადგენლების განცხადებით საჭიროა დრო, რათა ჩამოყალიბდეს რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომელიც ადგილობრივების სახელით იკონტაქტებს ივესტორთან.
“თავის მხრივ ენერგეტიკის სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ჯგუფის ინვესტორთან კომუნიკაციას, და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესების რაც შეიძლება სწრაფად და კანონის ფარგლებში წარმართვას,”- აცხადებს მინისტრი.