ახალი ამბები

მარტვილის ტყეში წიფლისა და წაბლის ხეებს უკანონოდ ჩეხავენ

10 ივლისი, 2018 • 3246
მარტვილის ტყეში წიფლისა და წაბლის ხეებს უკანონოდ ჩეხავენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

სამინისტროს ცნობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 27 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტის დაფიქსირებისთანავე, მძღოლმა მორები საცხოვრებელი სახლის ეზოში დაცალა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მოთხოვნას, რომელიც ეხებოდა ხე-ტყის წარმოშობისა და მისი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენას, მოქალაქის მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდგომაც საჭირო გახდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების ადგილზე გამოძახება.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ცნობით, მოქალაქის განმარტებით, 27 ერთეული წიფლის სახეობის მრგვალი მორი მოიპოვა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე.

ხე-ტყის მოპოვების ადგილის დადგენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მარტვილის სატყეო უბნის სალხინოს 24 -ე კვარტალი, სადაც 34 ერთეული წიფლის და 1 ერთეული წაბლის სახეობის ხის უკანონო მოჭრის ფაქტი დაფიქსირდა, ასევე ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 7 ერთეული წაბლის სახეობის მორი იყო განთავსებული. ამავე კვარტალში DT-მარკის ტრაქტორი ნახეს, რომელიც ხე-ტყის ბაქნამდე ჩამოსაზიდად გამოიყენებოდა.

სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მოცულობისა და ზიანის დაანგარიშება, რის შემდგომაც მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

მარტვილში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი