ახალი ამბები

თუ გასულ წლებში სვანეთში ხე ასე იჭრებოდა, სად იყო სახელმწიფო? – მანანა ქოჩლაძე

6 ივლისი, 2018 • 5395
თუ გასულ წლებში სვანეთში ხე ასე იჭრებოდა, სად იყო სახელმწიფო? – მანანა ქოჩლაძე

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის კომენტარს ნაჩქარევად აფასებს. საუბარია განცხადებაზე, რომლითაც ბახტაძემ აღნიშნა, რომ ჭუბერში ღვარცოფულ პროცესებს ხელი შეუწყო ტყის უსისტემო ჭრამ და ამ პროცესში მონაწილე ადამიანები დაისჯებიან.

მანანა ქოჩლაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ სვანეთიდან ხის მასალის გატანა 2015 წლიდან აიკრძალა. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ჭრიდნენ და გაჰქონდათ ადამიანებს ხე წლების განმავლობაში, როცა სახელმწიფო სამსახურები ადგილზე მუდმივად პატრულირებენ.

“2015 წლიდან სვანეთიდან აკრძალულია ხე-ტყის მასალის გატანა. თუ ეს მასალა გამოდიოდა და სახელმწიფომ ეს იცოდა, ესე იგი მთელ რიგ სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა გატარდეს ღონისძიებები მათ წინააღმდეგ.

…თქვენ რომ მიბრძანდეთ ახლა სვანეთის შესასვლელთან, იქ დგას პოლიცია, მასთან ერთად დგას გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მანქანა, რომელთა მოვალეობაა, რომ არ გამოუშვან სვანეთიდან უკანონოდ მოჭრილი ხეები. თუ სვანეთის მოსახლეობა ასე თავისთვის ჭრის ხეებს, მგონი, ცოტა უცნაურია, ამდენი ხე სად უნდა წაეღოთ.

შესაბამისად, მე პრემიერის განცხადებას ცოტა უპასუხისმგებლოს ვუწოდებდი. გუშინვე ნათელი იყო, რომ ისევ ჩვეულებრივ ადამიანებს დააბრალებდნენ. მე უბრალოდ მაინტერესებს, თუ ეს ყველაფერი 3 წელი ამ მასშტაბით ხდებოდა, ან სახელმწიფო სად იყო, ან გარემოს დაცვის სამინისტრო, ან კომპანია, რომლებიც ამ ყველაფერს ხედავდნენ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ”, – აღნიშნა ქოჩლაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია დადგინდეს, სათანადოდ მეთვალყურეობდა თუ არა ნენსკრა ჰესის მშენებელი კომპანია საპროექტო ტერიტორიას და თანამშრომლობდა თუ არა შესაბამის უწყებებთან:

“ეს ყველაფერი მოხდა ნენსკრა ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე. მართალია, ქვედა მხარეს, მაგრამ მაინც საპროექტო ტერიტორიად ითვლება. საპროექტო ტერიტორიაზე კომპანიას აქვს უფლებამოსილება, გააკონტროლოს არეალი და შესაბამისი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს გარემოს დაცვის ინსპექციას, მოსთხოვოს ამ დარღვევების აღმოფხვრა. ესეც საინტერესოა, განხორციელებული იყო თუ არა”.

მანანა ქოჩლაძის თქმით, “მწვანე ალტერნატივა” მომავალ კვირას მომხდარზე გამოძიების ჩატარებას მოითხოვს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

“ის, რომ მდინარე დაგუბებული არაა, არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია ინახოს, რა მეწყერული პროცესებია და როგორია მათი მომწიფების მაჩვენებელი” – განუცხადა ქოჩლაძემ “ნეტგაზეთს”.

ამავე თემაზე გირჩევთ

“ნენსკრა ჰიდრო” გამორიცხავს სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ჰესის კავშირს

რა ვიცით ჭუბერში მომხდარ სტიქიაზე – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი