ახალი ამბები

ამირიძე: მუხროვანში იყო პროტესტი და არა ამბოხება

30 იანვარი, 2014 • 2612
ამირიძე: მუხროვანში იყო პროტესტი და არა ამბოხება

ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი უფროსი, ლევან ამირიძე ამბობს, რომ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ბაზაზე ნამდვილად ჰქონდა ადგილი გარკვეულ პროტესტს.

მისი თქმით, იგი კიდევ ერთ სამხედრო მაღალჩინოსანთან, შოთა გორგიაშვილთან ერთად თანამდებობიდან გადადგომას აპირებდა. ამის მიზეზი კი 26 მაისს დაგეგმილი აღლუმი და იმ პერიოდში მიმდინარე საპროტესტო აქციები იყო.

ამის შესახებ ლევან ამირიძემ, კობა ოთანაძესა და კობა კობალაძესთან ერთად, დღეს “რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“2009 წლის 5 მაისს, რაც მოხდა მუხროვანში, ეს იყო ჩვენი მეთაურების პროტესტი მაშინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებდა იმას, რომ იმ პერიოდში კრიზისული სიტუაცია: სამთვიანი საპროტეტსი აქციები, რუსთაველის გამზირის კარვების ქალაქად გამოცხადება, პარლამენტი პარალიზებული იყო და არსებობდა იმის წინაპირობა, რომ განმეორებულიყო შვიდი ნოემბერი. ხელისუფლება ატარებდა წინაასააღლუმო მზადების ჩატარებას. რასაც მოჰყვებოდა კარვების ქალაქის აღება. უნდა გამოყენებულიყო ძალა. მე იმ პერიოდში ვიყავი სპეცსოპერაციების დაჯგუფების რეინჯერთა ბატალიონის მეთაური. კარგად მქონდა შესწავლილი მაშინდელი ხელისუფლების მმართველობის ფსიქოლოგია. ზუსტად ვიცოდი, რომ უკან არაფერზე დაიხევდნენ. რაც მოგვიანებით, 26 მაისს შეასრულა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ვნახეთ სახურავებზე შემოგდებული გვამები. ეს მოხდებოდა 2009 წლის მაისშიც. ეს რომ არ მომხდარიყო, ჩვენ რამდენიმე მეთაურმა და ამას არც ვმალავდი, პირად საუბრეშიც ყოველთვის ვიძახდი, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება და სახელმწიფოში არსებობდა სპეციალური ქვედანაყოფები, ვისაც ასეთი ოპერაციების ჩატარება ევალება. და აქ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ქვედანაყოფები არ უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას”,- განაცხადა ამირიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მიღებული ჰქონდა თუ არა მომიტინგეების დარბევის ბრძანბება, თუ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია, ასე პასუხობს:

“ეს ვარაუდი არ იყო. ეს იყო წინაპირობა იმისი, რომ გაცემულიყო ასეთი ბრძანება. ბრძანება 7 ნოემბერსაც არ ყოფილა. სიტყვიერი ბრძანება იყო 7 ნოემბერს. იქ იყო წინასააღლუმო მზადება და გამოცხადდა გაძლიერებული საბრძლო მზადყოფნა. როდესაც ცხადდება საბრძოლო მზადყოფნა და შეიარაღებული ძალები გადადიან ყაზარმულ რეჟიმში, ამას მოჰყვება ბრძანება”- თქვა ამირიძემ.

კობა ოთანაძის განცხადებით, იგი იმ პერიოდში სამხედრო სამსახურში აღარ მუშაობდა და გადამდგარი იყო. თუმცა მან მუხროვანის ბატალიონში ლევან ამირიძე მიიყვანა მანქანით. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით აპირებდნენ მეთაურები პროტესტის გამოხატვას, ოთანაძე აცხადებს, რომ საუბარი იყო პრესკონფერენციის გამართვაზე. ოთანაძის თქმით, იგი პირადად აპირებდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს შეერთბოდა, იმავეს ამბობს ამირიძეც.

დღესვე პრესკონფერენცია გამართა მუხროვანის საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი სამხედრო მაღალჩინოსნის, გია კრიალაშვილის დამ, ლია კრიალაშვილმა. მან საქმის ობიექტური გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა:

“ჩემთვის ეს კადრები ახალ ინფორმაციას არ იძლევა, გარდა იმისა, რომ ჩემი თვალით ვნახე, თუ როგორ გეგმავენ ჩემი ძმის სივდილს. ის ორი გვამი, რომელსაც მერაბიშვილი ითხოვდა, იყო მინიშნება იმისათვის, რომ გია და კობა [ოთანაძე] უნდა მოეკლათ. ეს იყო ყოფილი პრეზიდენტის ბრძანება. მე კარგად მახსოვს მისი სიტყვები, მიწიდან ამოიღეთ გია კრიალაშვილიო, გვარსაც შეცდომით ასახელებდა, ვითომ არ იცოდა. ეს იყო პირდაპირი მინიშნება ამ ბიჭების ლიკვიდაციისთვის. მე ბევრი ვიბრძოლე, რომ ლიკვიდაცია არ მომხდარიყო, მაგრამ მკვლელებთან ვერაფერს გავხდებოდი”, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

მუხროვანის ამბოხში ბრალდებულთა საქმის გამოძიება ცხრა თვეში დასრულდა. 41 განსასჯელიდან მოსამართლემ რეინჯერთა ბატალიონის ყოფილ მეთაურს – ლევან ამირიძეს 28 წლით, კობა ოთანაძეს – 29 წლით, მუხროვანში განთავსებული ჯავშან-სატანკო ბატალიონის ყოფილ მეთაურს – შოთა (მამუკა) გორგიაშვილს კი 19 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე მათგანს ბრალად ედებოდა ამბოხების მომზადება ხელისუფლების დამხობის მიზნით.

მოსამართლემ მე-3 ბრიგადის ყოფილ მეთაურს – კახა კობაიძეს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 ლარის გადახდა დაავალა; პირველი ბრიგადის ყოფილ მეთაურს, დავით სულხანიშვილს –  სამწლიანი პირობითი სასჯელი და 20 000 ლარის ჯარიმა. ორივეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებოდა ბრალი. MI-8 ვერტმფრენის ყოფილ პილოტს, ზურაბ ჩალათაშვილს, 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ყოფილ სამხედროს, ზურაბ ბზიშვილს – 9-წლიანი პატიმრობა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, მუხროვანის საქმისთვის მსჯავრდებულები პოლიტპატიმრების სტატუსით გათავისუფლდნენ.

29 იანვარს youtube-ზე appolon osman-ის სახელით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი