ახალი ამბები | ,

პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს

13 იანვარი, 2013 | | 1626
პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს

გათავისუფლებულებს შორის არიან 26 მაისის საქმეზე, მუხროვანი ამბოხის, ოპერაცია ენვერის, ყინწვისის და სხვა მსგავსი საქმეებისთვის მსჯავრდებული პატიმრები, რომელთაც პოლიტპატიმრის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

საქართველოს სასჯელაღსრულების სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ გამოაქვეყნა ყველა იმ პოლიტპატიმრის სია, რომლებიც დღეს უნდა გაეთავისუფლებინათ ციხეებიდან.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე განხორციელდა.

ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა 21 დეკემბერს მიიღო , თუმცა აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. პრეზიდენტის ვეტო პარლამენტმა 28 დეკემბერს 91 ხმით დაძლია, რის შემდეგაც აღნიშნულ კანონს ისევ არ მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა.

ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის  68-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება, რომლის თანახმად, თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ  კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

უსუფაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს 12 იანვარს მოაწერა ხელი. აღნიშნული კანონის საფუძველზე სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებული ათასობით პატიმარს შეუმსუბუქდება სასჯელი და გათავისუფლდება ციხიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი