სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს მთვარობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მისი უწყება ამ ცვლილებებზე დიდი ხანია მუშაობს და სანამ კანონპროექტის სახეს მიიღებდა, კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან და სახახლო დაცველის აპარატთან გაიარა.
“დიდი ხანია ვმუშაობთ ამ პროექტზე და მთლიანობაში ეს არის ჰუმანიზაციისკენ მიმართული. პირველად გვექნება პატიმრობის მართლაც ცივილური კოდექსი, რომელიც ევროპულ წესებთან და გაეროს მინიმალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოდის”,- ამბობს მინისტრი.
სწორედ ეს ორი დოკუმენტი ჰქონდა სახელმძღვანელოდ აღებული სასჯელაღსრულების სამინისტროს, როდესაც ხსენებულ ცვლილებებზე მუშაობდა. სუბარის თქმით, სამოდელოდ აღებული იყო ესტონეთის კოდექსი. მისი გამარტებით, ესტონეთი ევროკაშვირის წევრია და პატიმრობის “ძალიან თანამედროვე” კოდექსი აქვს.
“ჩვენ ყოველდღე ვმუშაობდით ევროსაბჭოს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელებთან და ექსპერტებთან, შემდეგ ეს ცვლილებები გადავუგზავნეთ ყველა წამყვან NGO-ს და სახალხო დამცველს. მათი შენიშვნების მიღების შემდეგ მოვაწყვეთ დიდი კონფერენცია და დეტალურად განვიხილეთ ყველა პუნქტი,”- თქვა სოზარ სუბარმა.
მისი თქმით, არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა იმ სპეცსაშუალებების ჩამონათვალთან დაკავშირებით, რომლთა გამოყენებაც ინიცირებული ცვლილებებით პატიმრების წინააღმდეგ ნებადართული ხდება. სუბარი ამბობს, რომ არასამთავრობობს სულ სხვა სახის შენიშვნები ჰქონდათ, რომლებიც უკვე გაითვალისწინეს.
ინიცირებული ცვლილებებით, სპეციალურ საშუალებებს ემატება ძაღლი, რის შესახებაც დღეს მინისტრს კითხვა დაუსვეს.
“ძაღლი არის ის სპეცსაშუალება, რომელიც გამოიყენება მთელს მსოფლიოში, ტელეფონების და ნარკოტიკების მოსაძებნად. ასე რომ, აჟიოტაჟი აქ ზედმეტია,”- განაცხდა მინისტრმა.
სუბარი თქმით, პოლიციის კანონში არსებულ სპეცსაშუალებებთან შედარებით პატიმრობის შესახებ კოდექსში ბევრად ნაკლები სახის სპეცსაშუალებაა გათვალისწინებული. მინსიტრმა ელექტროშოკი დაასახელა, რომელიც პატიმრობის შესახებ კოდექსში შეტანილი არ არის.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, ფართოვდება იმ სპეციალურ საშუალებათა სია, რომელთა გამოყენებაც პატიმრებთან მიმართებაში დასაშვებია.






