ახალი ამბები

დაბა ყაზბეგში “ლარსი ჰესი” გაიხსნა

24 იანვარი, 2014 • • 2734
დაბა ყაზბეგში “ლარსი ჰესი” გაიხსნა

კახი კალაძე მიიჩნევს, რომ „ლარსი ჰესის“ მშენებლობით მთის მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ცხოვრებისთვის შესაფერისი სოციალური პირობების შექმნაა შესაძლებელი.

 

“ჩემთვის ამ ობიექტის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანია – უპირველეს ყოვლისა ის, რომ ახალი სიმძლავრე ემატება ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემას და გასული წლის გამვალობაში ეს არის მესამე ამოქმედებული ენერგოობიექტი. ასეთი ობიექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა. როგორც ვიცი, მოწესრიგდა მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ულამაზეს ხეობაში, სადაც გადის ტურისტული თუ კომერციული მარშრუტები, იქნება სასტუმროები, კვების ობიექტები, იქნება მუდმივი ელექტომომარაგება, ხალხი იქნება დასაქმებული, მოსახლეობა იქნება მოვლენების ეპიცენტრში, ახალგაზრდობისთვის აქ დარჩენა იქნება უკვე საინტერესო და მიმზიდველი, რეგიონი ფეხზე დადგება”, – განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.


„ლარსის ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 100 მლნ კვტ/საათს შეადგენს. ახალი ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპისაა. კომპანიამ დაბა ყაზბეგში, მდინარე თერგზე „ლარსი ჰესის“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ჰესის მშენებლობაში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.

 

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე 150 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი დიდი ნაწილი ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა იყო. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი ობიექტზე 40 მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

ჰესის ოპერირების მიზნით, კომპანიამ 110 კვ ქვესადგური ააშენა, რომელიც ელექტროსადგურს ცენტრალურ ენერგოსისტემასთან დააკავშირებს. „ლარსი ჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ენერგოსისტემას მიეწოდება.

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი