ახალი ამბები

როგორ ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში [Video/Photo]

23 იანვარი, 2014 • • 1504
როგორ ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში [Video/Photo]

ღოღეთში დღესდღეობით 77 ოჯახი ცხოვრობს. სოფელში რუსმა მესაზღვრეებმა გამყოფი ხაზის სახით მავთულხლართები დაამონტაჟეს, რის გამოც მცხოვრებთა ნაწილი მიწის ნაკვეთის გარეშე დარჩა, ნაწილი კი მიწის დამუშავებას იმის გამო ვერ ახერხებს, რომ სახელმწიფოსგან ფერმერთათვის გამოყოფილი ვაუჩერი ვერ მიიღო:

“მიტოვებული კი არ იყო ჩვენი მიწები, ნიორი გვქონდა დათესილი, მოვიდნენ და მავთულხლართები გააბეს, იმის შემდეგ ნაკვეთში ვერ შევდივართ. ამის გარდა სოფელში ბევრი პრობლემაა, ყველაფრის მოგვარებას გვპირდებიან, მაგრამ ნაკვეთებზე ხმას არავინ იღებს. არც იმას გვეუბნებიან, რამეს გადაგვიხდიან თუ არა სანაცვლოდ”, – აცხადებს სოფლის მცხოვრები 81 წლის კაკო შათირიშვილი.

“ჩვენ მიწაზე მავთულხლართები არ გაუბიათ, მაგრამ მაინც ვერ ვამუშავებთ. გვეუბნებიან, ვაუჩერი მხოლოდ იმას ეკუთვნის, ვისაც 1.25 ჰექტარზე პატარა მიწა აქვსო, ჩვენ 2 ჰექტარი გვაქვს”, – ამბობს ლილი ღვალაძე.

იმ ადამიანების სია, ვინც ვაუჩერს ვერ მიიღებს, მაცხოვრებლებს დღეს რწმუნებულმა თამაზ ბერიშვილმა წარუდგინა. ამ სიაში 77 ოჯახიდან 30 აღმოჩნდა.

“იმაზე გავცემთ ვაუჩერს, ვისაც პატარა მიწა აქვს, მაგრამ ალბათ სახელმწიფო იმათაც რამენაირად დაეხმარება, ვისაც 2 და 5 ჰექტარი აქვს”, – ამბობს რწმუნებული.

დაპირება, რომ პრობლემას გადახედავენ დღეს სოფლის მაცხოვერბლებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისგან, ქეთევან ციხელაშვილისგანაც მიიღეს, რომელიც სოფელში ევროკავშირის ელჩთან საქართველოში ფილიპ დიმიტროვთან ერთად ჩავიდა. სოფელში ასევე იმყოფებოდნენ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებიც, რომლებმაც ყველა ოჯახს დახმარება დაურიგეს.

დახმარების სახით დარიგდა ორი პლედი და პოლიეთილენის პარკები წებოვან ლენტთან და ჭიკარტებთან ერთად კარ–ფანჯრის იზოლაციისთვის.

“ამ ლენტებს თავის ჩამოსახრჩობად თუ გამოვიყენებთ”, – ასე ხუმრობდნენ დღეს სოფელში. მათი თქმით, ღოღეთს გაცილებით მნიშვნელოვანი დახმარება ჭირდება იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც მავთულხლართების გავლებამდეც იყო და ახლაც:

“სოფლამდე მოსასვლელი გზა დანგრეულია, გაზის შემოყვანას ახალი წლისთვის გვპირდებოდნენ და დღემდე არ გვაქვს. არ არის სარწყავი წყალი, სასმელი წყალიც წყაროდან ამოგვაქვს. ბავშვებს არ აქვთ ბაღი და სკოლაში სოფელ ფცაში, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დადიან, ექიმი რომ დაგვჭირდეს, ქარელში უნდა ჩავიდეთ. 77 ოჯახიდან უმეტესობა აქ უკვე მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდის და თუ არავინ დაგვეხმარა, ალბათ მალე საერთოდ აღარავინ დარჩება”, – ამბობს ერთ–ერთი მცხოვრები ანა სამყურაშვილი.

ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, ევროკავშირი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი შეძლებისდაგვარად ეხმარება მცხოვრებლებს, საბავშვო ბაღის აშენებასთან დაკავშირებით კი მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ფილიპ დიმიტროვი
ფილიპ დიმიტროვი

ევროკავშირის დაფინანსებით მომავალში მაცხოვრებლებს, სავარაუდოდ, ფულადი დახმარებებიც დაენიშნებათ. იგეგმება ასევე დახმარება სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციასთან დაკავშირებითაც.

“ეს არ არის ერთჯერადი აქცია. ჩვენ თქვენს სოფელში კიდევ დავბრუნდებით და შეძლებისდაგვარად აუცილებლად დაგეხმარებით თქვენც და სხვა სოფლებსაც”, – განაცხუცხადა მაცხოვრებლებს დღეს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში სიმონე ვოლკენმა.


მასალების გადაბეჭდვის წესი