ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: ამოვიღეთ ცხენის ხორცით დამზადებული ხორცპროდუქტები

25 ივნისი, 2018 • 2508
საგამოძიებო სამსახური: ამოვიღეთ ცხენის ხორცით დამზადებული ხორცპროდუქტები

თბილისში ხორცის ფალსიფიცირების 6 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახური ერთი პირს ბრალად სდებს ცხენის ხორცის გამოყენებით ხორცპროდუქტების დამზადებას.

გამოძიების ინფორმაციით, ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ინდმეწარმე ქალაქ თბილისში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტს, ე.წ. „სუჯუკს“ აწარმოებდა და ყიდდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, წარმოების პროცესში ბრალდებული იყენებდა ცხენის ხორცს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მათ ამოიღეს მზა პროდუქცია და გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი.

გამოძიების მტკიცებით, თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი. ამოღებულ პროდუქციას ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი