ახალი ამბები

პრეზიდენტი: გული გვტკივა, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინაში მსხვერპლია

23 იანვარი, 2014 • • 1282
პრეზიდენტი: გული გვტკივა, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინაში მსხვერპლია

“ამ საკითხთან დაკავშირებით პირველივე დღეებიდან, ვილნიუსიდან ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებდით, რომ ჩვენთვის იქნებოდა უაღრესად სასიხარულო და მივესალმებოდით იმას, რომ უკრაინა საქართველოს მსგავსად წასულიყო ერთიან ევროპულ პოლიტიკურ პროცესში. ამასთან ერთად, ჩვენ იმასაც ვაფიქსირებდით, რომ პატივს ვცემთ უკრაინელი ხალხის პოზიციას ამასთან დაკავშირებით.

 

სიტუაციის დაძაბვის პარალელურად, ჩვენ გვინდა, რომ ჰუმანურ და ჰუმანიტარულ პრობლემებზე გადავიტანოთ აქცენტი. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ, უკრაინამ და აღმოსავლეთის პარტნიორორბის სხვა ქვეყნებმა იარონ ერთიან ძლიერ ევროპულ პროცესში, მაგრამ ახლა ძალიან მნიშველოვანია ჰუმანიტარული თემები.

 

გული გვტკივა, როდესაც ვხედავთ, რომ უკრაინაში მსხვერპლია. ჩვენ გვადარდებს და გვაღელვებს ის, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ გაუფრთხილდნენ მთავარს – ეს არის ადამიანის სიცოცხლე, ეს არის ქვეყნის ერთიანობა. რა თქმა უნდა, ამ ემოციამ უნდა გაიმარჯვოს, რაციონალური, მშვიდი დიალოგის შედეგად უნდა მოხდეს მთავარის შენარჩუნება, ადამიანის სიცოცხლის დაცულობა უნდა იყოს გარანტირებული და ქვეყნის მთლიანობა უნდა იყოს გარანტირებული უკრაინაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


გიორგი მარგველაშვილის თქმით, უკრაინას ჰყავს თავისი არჩეული ხელისუფალი და საქართველოს მთავრობა ასე პირდაპირ უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა:


“ჩვენ ვდარდობთ თითოეულ უკრაინელზე, გვაღელვებს თითოეული უკრაინელის ბედი და, ბუნებრივია, ამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენთვის ეს არის მოძმე ერი, მიუხედავად იმისა, შიდა პოლიტიკაში რა ორიენტაციას გამოხატავს, როგორ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას გამოხატავს თითოეული მოქალაქე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი