ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, მეგობართან ერთად თბილისში რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს

25 ივნისი, 2018 • 2665
მოქალაქის თქმით, მეგობართან ერთად თბილისში რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყვეს

თბილისში მცხოვრები მარი ბოლქვაძე ინციდენტის შესახებ წერს, რომლის დროსაც მისი თქმით, მასსა და მის შავკანიან მეგობარს უცნობმა კაცმა რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა.

მისი თქმით, მეგობართან ერთად პარკში იმყოფებოდა, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ჯერ ასანთი სთხოვა, უარს მიღების შემდეგ კი სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდა. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მეგობართან ერთად ტერიტორია მალევე დატოვა, კაცი აედევნა და უშვერი სიტყვით იხსენიებდა მათ.

“აგრესიული ხდება და ჩემი მეგობარიც უკან არ იხევს. შუაში ვდგები და ვცდილობ, გავაშველო, ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მივცე. თან, ჩემს მეგობარს ვექაჩები და მოვათრევ, რომელიც სიმაღლეში ორი მეტრია და მიჭირს მისი ადგილიდან დაძვრა.

ეს ტიპი უშვერი სიტყვებით გვლანძღავს და გვაგინებს. დედას მაგინებს, ბოდიშს ვუხდი, რომ თავი დაგვანებოს, მაინც არ ჩერდება. მეკითხება, “ასეთი რა გაგიჭირდაო”. მოგვდევს. ტრასაზე ჩავდივართ. მოგვდევს. გვაგინებს. ჩვენკენ იწევს, ვატყობ, უნდა, რომ სახეში შემაფურთხოს.

რაღაც მომენტში ხელს მკიდებს და მაჯანჯღარებს. ამაზე ჩემი მეგობარი უარესად მწარდება და ის ტიპი ქვას იღებს.

ნამდვილად ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ამ დროს კორპუსიდან ვიღაც ბიჭი (შეიძლება, მისი ნაცნობიც) იყურება და უყვირის, რომ თავი დაგვანებოს. მეც სასოწარკვეთილი ვყვირი, “გთხოვთ, ჩამოდით, გვიშველეთ-მეთქი.” ის ტიპი ეძახის, “რა თავი დავანებო, მოგწონს ეს, რასაც ხედავო? სანამ ისინი ლაპარაკობენ, მე და ჩემი მეგობარი მოვდივართ. “, – მარი ბოლქვაძის განმარტებით, თავის შავკანიან მეგობართან ერთად ქუჩაში სიარულის დროს აგრესია ხშირად უგრძვნია, თუმცა მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. მარი ბოლქვაძის თქმით, მის შავკანიან მეგობარს ფრანგი შეყვარებული ჰყავს და რადგანაც ის ქართველი არაა, ამიტომ ცალკე არავინ ერჩის.

მარი ბოლქვაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიციაში უკვე იმყოფებოდა, განცხადება დაწერა და შესაბამისი ოქმიც შედგა. ის პოლიციის შესაბამის განყოფილებასაც ასახელებს, სადაც მივიდა.

მომხდარზე დამატებითი ინფორმაციის მიღებას “ნეტგაზეთი” შსს-ში შეეცადა. უწყების პრესსამსახურში კი განგვიცხადეს, რომ ზემოაღნიშნული მოქალაქისგან მსგავსი საჩივარი ჯერჯერობით არ იძებნება არცერთ განყოფილებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი