ახალი ამბები

საკრებულო მერიის მმართველი გუნდის გადადგმას მოითხოვს

21 იანვარი, 2014 • • 1544
საკრებულო მერიის მმართველი გუნდის გადადგმას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია მთელ რიგ პროვოკაციებს გეგმავდა და საბოტაჟის განხორციელებას აპირებდა.

 

“მერიამ აირჩია საბოტაჟის განხორციელების გზა და თვითნებურად ჩააბნელა თბილისის ტელეანძა. ანძის ჩართვა მოხდა ჩვენი ძალისხმევის შედეგად. ბიუჯეტის ფინანსები არ არის ანძის ჩაქრობის მიზეზი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ თბილისის მერია საბოტაჟის გზით კიდევ შეეცდება პროვოკაციის მოწყობას. ამის გამო თბილისის მთავრობას ვუცხადებთ უნდობლობას და მოვითხოვთ, რომ ქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნა მოხდეს საკრებულოსთან შეთანხმებით”,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

 

თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება- თბილისელების” თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განაცხდა, რომ თბილისის მერიის არსებული შემადგენლობა უნდა გადადგეს. 

 

“თბილისის ბიუჯეტის განხილვის პროცესში მერიამ დაუშვა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა და დანაშაულიც კი, გუშინდელ თემასთან დაკაშირებით. ვფიქრობთ, რომ მერია კვლავ დაუშვებს შეცდომას, რაც საფრთხეს შეუქმნის არა მარტო თბილისს, არამედ შეიძლება მთელს საქართველოზეც კი გავრცელდეს მათი არაადეკვატური მოქმედებები. ამდენად, მიგვაჩნია სწორად, შევუერთდეთ მოსაზრებას თბილისის მერიის გადაყენებასთან დაკავშირებით”,- განაცხდა ზუმბაძემ. 

 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, გუშინ საღამოს ტელეანძის განათება შეწყდა. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ გუშინ განაცხადა, რომ ამის მიზეზი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის არდამტკიცებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი